ბარსელონას სუპერვარსკვლავი, ლამინ იამალი, ბარძაყის ტრავმის რეაბილიტაციის პროცესის გამო, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საწყის მატჩებს გამოტოვებს.
18 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებს ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ნამდვილად ვერ დაეხმარება, ხოლო მისი მეორე ტურში თამაშიც დიდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
თავდაპირველი პროგნოზით, იამალს 6-დან 8 კვირამდე უნდა გამოეტოვებინა, რაც მუნდიალზე მის გამგზავრებას საერთოდ გამოირიცხავდა. თუმცა, ახალგაზრდა ტალანტის გამოჯანმრთელების ტემპი მოლოდინს აჭარბებს. მიუხედავად ამისა, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე, მისი ჯანმრთელობით რისკს არ აპირებს. The Athletic-ის ინფორმაციით, იამალი გამოტოვებს 15 ივნისს, კაბო-ვერდესთან დაგეგმილ სასტარტო მატჩს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ 21 ივნისს საუდის არაბეთის წინააღმდეგაც მოედანზე ავიდეს. მისი დაბრუნება, სავარაუდოდ, 26 ივნისს, ურუგვაისთან ჯგუფის ბოლო და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში იგეგმება.
იამალის ტრავმამ ბარსელონასა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას (RFEF) შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბა. კონფლიქტი გასულ სექტემბერს გამწვავდა, როდესაც ფეხბურთელი ნაკრებიდან კლუბში საზარდულის ტრავმით დაბრუნდა. ირკვევა, რომ ის ეროვნულ გუნდში გამაყუჩებლებით თამაშობდა, რის გამოც ბარსელონაში 4 მატჩის გამოტოვება მოუწია. კატალონიელთა თავკაცმა, ჰანსი ფლიკმა მაშინ უკმაყოფილება არ დამალა:
როდესაც ახალგაზრდა მოთამაშეების გაფრთხილებაზე ვსაუბრობთ, სწორედ ასეთ დეტალებს ვგულისხმობთ. ეს ძალიან მწყინს
ლამინ იამალის ფაქტორი დე ლა ფუენტეს ტაქტიკისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ღრმა დაცვის მქონე გუნდების წინააღმდეგ, რადგან მისი მოედანზე ყოფნა სხვა თავდამსხმელებისთვის თავისუფალ სივრცეებს წარმოქმნის. ესპანეთის ნაკრების საბოლოო, 26-კაციანი საჩემპიონო განაცხადი 25 მაისს გამოქვეყნდება.