ლიონელ მესის კარიერა შეგიძლიათ ორ ნაწილად გაყოთ.
პირველი ნაწილი სრულად კლუბს ეკუთვნოდა - ოთხი ჩემპიონთა ლიგა ბარსელონასთან ერთად, დამსხვრეული რეკორდები და ექვსი ოქროს ბურთი. თუმცა, სანაკრებო დონეზე განცდილი მუდმივი იმედგაცრუება მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა.. წაგებული ფინალი 2014 წელს მარიო გიოტცეს გოლით, კოპა ამერიკის ზედიზედ ორჯერ დათმობა პენალტების სერიაში ჩილესთან და ცრემლიანი წასვლა ნაკრებიდან, რომელიც მალევე შეცვალა.
მაგრამ 2019 წელს ყველაფერი შეიცვალა. დაიწყო მესის კარიერის მეორე, ლეგენდარული ფაზა. ახალი, ახალგაზრდული გუნდი ჩამოყალიბდა და კაპიტანმა ნამდვილი ლიდერის როლი მოირგო. პირველ წარმატებას, 2021 წლის კოპა ამერიკის მოგებას ბრაზილიაში, მოჰყვა მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო ყატარში, ფინალისიმა იტალიასთან და კიდევ ერთი კოპა ამერიკა. მისი კარიერის ბოლო წლების ყველაზე საკულტო მომენტები სწორედ არგენტინის ნაკრებს უკავშირდება და ეს შემთხვევითი სულაც არ არის! ეს გეგმის ნაწილია.
თავის დროზე მესიმ პრემიერ ლიგის დაუნდობელ ინტენსივობას საფრანგეთის შედარებით მშვიდი ლიგა 1 ამჯობინა, რამაც მას ყატარის მუნდიალამდე იდეალურ კონდიციაში მისვლის საშუალება მისცა. ახლა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ისტორია მეორდება. სანამ ევროპაში მოთამაშე ვარსკვლავები ამერიკაში დამქანცველი და გადატვირთული სეზონის შემდეგ ჩავლენ, მესი მუნდიალს ამერიკული სეზონის შუაში, სრულიად დასვენებული და იდეალურ ფორმაში ხვდება, ზუსტად ისე, როგორც ყატარში. და იქ ყველაფერი კარგად დასრულდა, ხომ ასეა?
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მესის 39 წელი უსრულდება, ის ფენომენალურ ფორმაშია. ბოლო 9 მატჩში მან 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, თანაც ინტერ მაიამის ბოლო ოთხ შეხვედრაში მოედანს გოლისა და ასისტის გარეშე არ ტოვებს.
როგორც მის ბოლო გენიალურ საგოლე გადაცემაზე ამერიკელმა კომენტატორმა აღნიშნა:
„დანარჩენი მსოფლიო უნდა უფრთხილდეს მას! მიუხედავად იმისა, რომ მესი მუნდიალზე საჯაროდ დიდ ამბიციებს არ გამოხატავს, ის მზად არის. მსოფლიოც მზადაა, რათა იხილოს, როგორ დაიცავს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.“
ამერიკული ლიგის (MLS) სპეციფიკის გათვალისწინებითაც კი, მესის თამაშის ყურება 2009, 2015 ან 2022 წლების საუკეთესო მოგონებებს აცოცხლებს. ეჭვგარეშეა, ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატისთვის კიდევ ერთ საფეხბურთო საოცრებას ამზადებს.