-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური AS-ის ინფორმაციით, მის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბევრი მსჯელობა მიმდინარეობდა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ რომა და ასტონ ვილა ფეხბურთელის იჯარით დამატებას აქტიურად ცდილობდნენ და სერიოზულ წინადადებებსაც ამზადებდნენ.
თუმცა, გამოცემასთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ბოლო საათებში კლუბმა ენდრიკის იჯარით გაშვების ნებისმიერი შესაძლებლობა საბოლოოდ გამორიცხა.
მოურინიო ენდრიკის იმედადაა და მიაჩნია, რომ მას გუნდში მნიშვნელოვანი როლი ექნება. ამ მოსაზრებას იზიარებს ფლორენტინო პერესიც, რომელსაც ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. თავად ენდრიკი კი მზადაა გამოწვევის მისაღებად.
ენდრიკს სათამაშო დროისთვის თანაბარ პირობებში მოუწევს ბრძოლა. მოურინიოს ბრაზილიელის საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს.
მისი აზრით, ენდრიკი გუნდს შეუძლია გამოადგეს არა მხოლოდ როგორც კლასიკური „ცხრიანი“, არამედ მარჯვენა ფლანგიდანაც შექმნას საფრთხე.
ეს პოზიცია ენდრიკისთვის კარგად ნაცნობია, რადგან იქ პალმეირასში და განსაკუთრებით ლიონში, მწვრთნელ ფონსეკას ხელმძღვანელობითაც უთამაშია.
მიმდინარე წინასასეზონო პერიოდში ენდრიკის მიერ ნაჩვენებმა თამაშმა პორტუგალიელი მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
კლუბი მხარს უჭერს მოურინიოს გადაწყვეტილებას, ენდრიკს ნდობა გამოუცხადოს. მადრიდელები ბრაზილიელის სიტუაციას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან, 2 წლის წინ მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადეს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 25 მილიონი შეიძლება დაემატოს.
ტრანსფერის ღირებულების, საკომისიოების, ხელფასის, ბონუსებისა და გადასახადების გათვალისწინებით, კლუბმა ფეხბურთელში უკვე 80 მილიონ ევროზე მეტი ჩადო.
თუმცა, ენდრიკს ბოლომდე არ გამოურიცხავს მომავალში სხვა კლუბში სათამაშო დროის ძიების შესაძლებლობა, თუ რეალში საკმარის შანსს ვერ მიიღებს.
გასულ სეზონში ლიონში იჯარით გატარებული პერიოდი მისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. 21 შეხვედრაში მან 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, რის შედეგადაც ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადშიც მოხვდა.
ენდრიკს სურს ეს წარმატებული პერიოდი გამოიყენოს და რეალის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვოს. ფეხბურთელი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, თუმცა, თუ ვითარება მისთვის სასურველი მიმართულებით არ განვითარდება, მომდევნო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იჯარით წასვლას კვლავ განიხილავს.
სანამ მოურინიო ენდრიკის წასვლას დაბლოკავდა, ორ კლუბს ფეხბურთელთან და რეალთან იჯარის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე საკმაოდ წინ ჰქონდა წაწეული, რომასა და უნაი ემერის ასტონ ვილას.
ამ ორიდან ენდრიკისთვის რომა უფრო მიმზიდველ ვარიანტად მიიჩნეოდა, რადგან იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს და ბრაზილიელს ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშის კარგ შესაძლებლობას სთავაზობდა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები