საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999, ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში, ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონ ლარნეს ხვდება და წარმატების შემთხვევაში, მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.
ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართული შეხვედრა 0:0 დასრულდა, შესაბამისად, ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება, რათა პლეი-ოფის საგზური ძირითად დროშივე მოიპოვოს. ფრის შემთხვევაში, დამატებითი დრო და, თუ საჭირო გახდა, პენალტების სერია, დაინიშნება.
იბერია 1999-ს აქვს შანსი, 2004-05 წლების სეზონის შემდეგ - პირველი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე გუნდი გახდეს, რომელიც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. აქამდე ერთადერთი ასეთი დინამო თბილისია, რომელიც 2004-05 წლების სეზონში უეფა-ს თასზე გავიდა და ჯგუფში ინგლისურ ნიუკასლს (0:2), პორტუგალიურ სპორტინგს (0:4), ფრანგულ სოშოსა (0:2) და ბერძნულ პანიონიოსს (2:5) დაუპირისპირდა.
ანდრი დემჩენკომ პრესკონფერენციაზე გულშემატკივარი დააიმედა, რომ წინა მატჩისგან განსხვავებულ იბერიას იხილავენ - სრული პრესკონფერენცია აქაა.
იბერიას კაპიტნის, გიორგი ჯინჯოლავას თქმით, ფეხბურთი არ ესმის მას, ვისაც სჯერა, რომ ლარნეს იბერიას დამარცხების მეტი შანსი აქვს, ვიდრე თავად იბერიას ლარნესთან გამარჯვების - სრული პრესკონფერენცია აქაა.
ლარნეს მთავარმა მწვრთნელმა, გარი ჰევერონმა გვითხრა, რომ იბერია კარგი გუნდია, მაგრამ თავისი გუნდის გამარჯვების ეიმედება - სრული პრესკონფერენცია აქაა.
იბერია 1999-ისა და ლარნეს პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, ხვალ კი გუნდები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან ითამაშებენ. პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზეა. მსაჯი ნორვეგიიდანაა - როჰიტ საგი.
წყვილში გამარჯვებული, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, შოტლანდიურ რეინჯერსსა და პოლონურ იაგელონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო დამარცხებული - კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში, გიბრალტარულ ლინკოლნსა და კვიპროსულ ომონიას შორის დამარცხებულს.