თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალური წყვილი გაირკვა.
საფრანგეთის ნაკრებმა ახალ ზელანდიას უმძიმეს ბრძოლაში 26:22 მოუგო, სამხრეთ აფრიკამ კი ინგლისი გაცილებით დამაჯერებლად დაამარცხა (მეორე ტაიმი 24-ქულიანი უპირატესობით მოუგო) - 53:37.
შედეგად, 18 ივლისის 20:30 საათიდან, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთის წინააღმდეგ საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებები ითამაშებენ და მსოფლიო ჩემპიონს გაარკვევენ.
ფრანგები ტიტულის მეოთხედ მოგებას შეეცდებიან, ხოლო სამხრეთ აფრიკელები - მესამედ. 6-გზის ჩემპიონი ახალი ზელანდიაა, ინგლისს კი ტიტული 4-ჯერ აქვს მოპოვებული. ამ 4 ქვეყნის გარდა, სხვა ჩემპიონი არ არსებობს.
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2008 წლიდან ტარდება და საქართველო მეორედ მასპინძლობს - პირველად 2017-ში.