ბათუმში ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის ტურნირი თრიალეთის თასი ქალთა შორის შეჯიბრებით დასრულდა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა, ანასტასია გუბანოვამ და ინგა გურგენიძემ იასპარეზეს.
მოკლე პროგრამის შემდეგ მესამე ადგილზე მყოფმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ 189.31 ქულით მეოთხე პოზიცია დაიკავა, ხოლო ინგა გურგენიძემ ასპარეზობა 177.55 ქულით მეექვსე ადგილზე დაასრულა.
ტურნირის გამარჯვებელი ესტონელი ნინა პეტროკინა გახდა, რომელმაც 205.94 ქულა დააგროვა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა საშინაო ჩელენჯერი ტრიუმფალურად დაასრულა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა - თრიალეთის თასის ჩემპიონები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები), ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და ნიკა ეგაძე (მამაკაცები) გახდნენ.