მადრიდის რეალის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, კლუბის დელეგატ წევრთა გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად რაფაელ ნადალის დირექტორთა საბჭოს ახალ წევრად დანიშვნის საკითხი წარუდგინოს.
,,რაფაელ ნადალი, რომელიც მადრიდის რეალის საპატიო წევრია, სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დაფასებული ესპანელი სპორტსმენია.
მადრიდის რეალისა და მისი ყველა გულშემატკივრისთვის უდიდესი სიამაყის საფუძველია, რომ ასეთი სპორტული მიღწევებისა და პიროვნული ღირსებების მქონე ადამიანი, რომელიც ესპანური და მსოფლიო სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, ჩვენი დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება.
ამ საპასუხისმგებლო პოზიციიდან ის საკუთარი წვლილის შეტანას შეძლებს კლუბის აწმყოსა და მომავლის განვითარებაში.
რაფაელ ნადალმა ლეგენდარული სპორტული კარიერა შექმნა. მის შთამბეჭდავ მიღწევებს შორისაა 92 ინდივიდუალური ტიტული, მათ შორის დიდი სლემის 22 ტიტული, ოლიმპიური თამაშების 2 ოქროს მედალი, ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოპოვებული დევისის თასის 5 ტიტული და მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი.
თუმცა ნადალის პიროვნება მხოლოდ სპორტული წარმატებებით არ განისაზღვრება. მისი ნიჭი, მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა, თავგანწირვის უნარი, მებრძოლი ხასიათი, თავმდაბლობა, მეტოქეებისა და თანაგუნდელების პატივისცემა და საქველმოქმედო საქმიანობისადმი ერთგულება მას მისაბაძ მაგალითად აქცევს როგორც კორტზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ყველა ეს ღირებულება მადრიდის რეალის იდენტობის განუყოფელი ნაწილია. რაფაელ ნადალი მთელი თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში სწორედ ამ პრინციპებს განასახიერებდა და იცავდა, რითაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა." - წერია სამეფო კლუბის განცხადებაში.
„მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და დირექტორთა საბჭოს მადრიდის რეალის დირექტორთა საბჭოში გაწევრიანების შეთავაზებისთვის.
ეს წინადადება დიდი ენთუზიაზმით მივიღე. მაქვს სურვილი, ვისწავლო, განვვითარდე და კლუბის საკეთილდღეოდ ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს შესაძლებლობებშია.“ - წერს ლეგენდარული ესპანელი.