ჯორჯ რასელმა ავსტრიის გრან პრიზე გაიმარჯვა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
მერსედესის პილოტმა კარიერაში მე-7 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მას უკან მაქს ვერსტაპენი და ჩემპიონატის ლიდერი კიმი ანტონელი მიჰყვნენ.
რასელმა პოულ-პოზიციიდან სტარტის შემდეგ ლიდერობა მშვიდად შეინარჩუნა. ვერსტაპენმა კი კვალიფიკაციაში ავარიით გამოწვეული იმედგაცრუება მალევე დაივიწყა და პირველივე წრეებზე რამდენიმე პოზიცია მოიგო.
ანტონელისთვის სტარტი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, იტალიელი რამდენჯერმე ტრასის ფარგლებს გასცდა.
მომდევნო წრეების განმავლობაში რასელი კომფორტულ უპირატესობას ინარჩუნებდა, ხოლო ვერსტაპენმა, ლუის ჰამილტონთან რამდენიმე დაძაბული ბრძოლის შემდეგ, მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა და ეტაპობრივად ლიდერზე ზეწოლა გააძლიერა.
რბოლის დასკვნით ნაწილში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. ბოლო პიტ-სტოპის შემდეგ ვერსტაპენმა რასელის ჩამორჩენის შემცირება დაიწყო, მაშინ როცა მესამე ადგილზე მყოფი ანტონელიც ცდილობდა ნიდერლანდელის დაჭერას.
მიუხედავად ამისა, ფინიშის ხაზი პირველმა რასელმა გადაკვეთა და ვერსტაპენს 1.611 წამით აჯობა. ამ შედეგით ბრიტანელი ჩემპიონატის საერთო ჩათვლაშიც მეორე ადგილზე დაბრუნდა.
ვერსტაპენმა ანტონელი მხოლოდ 0.375 წამით ჩამოიტოვა და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა შთამბეჭდავი დღე დაასრულა.
ანტონელი კი მე-3 ადგილს დასჯერდა, თუმცა ჩემპიონატში მისი უპირატესობა ახლა 40 ქულას შეადგენს.
მაკლარენის ოსკარ პიასტრი მე-4 იყო, მე-5 ადგილი ფერარის ლუის ჰამილტონმა დაიკავა, ხოლო მე-6-ზე რედ ბულის ისაკ ჰაჯარი გავიდა.
ლანდო ნორისმა (მაკლარენი) მე-7 ადგილი მოიპოვა, ხოლო შარლ ლეკლერმა მხოლოდ მე-8 შედეგი აჩვენა.
საუკეთესო დღე ჰქონდა რეისინგ ბულსს, რომლის პილოტებმა ლიამ ლოუსონმა და არვიდ ლინდბლადმა ქულები მოიპოვეს და შესაბამისად მე-9 და მე-10 ადგილებზე გავიდნენ.
ავსტრიის გრან პრის შემდეგ მრბოლელთა საჩემპიონო დავაში ასეთი სიტუაციაა:
1. კიმი ანტონელი - 171 ქულა
2. ჯორჯ რასელი - 131 ქულა
3. ლუის ჰამილტონი - 125 ქულა
4. ოსკარ პიასტრი - 80 ქულა
5. ლანდო ნორისი - 79 ქულა
6. შარლ ლეკლერი - 79 ქულა
7. მაქს ვერსტაპენი - 73 ქულა
8. ისაკ ჰაჯარი - 42 ქულა
9. პიერ გასლი - 41 ქულა
10. ლიამ ლოუსონი - 30 ქულა