იტალიის ნაკრების შემტევმა, ჯაკომო რასპადორიმ აღიარა, რომ იტალიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა მას კეფაში წამოარტყა.
ინციდენტი იტალიისა და ესტონეთის მატჩის შესვენებაზე მოხდა, რომელშიც გატუზოს დებიუტი შედგა მთავარი მწვრთნელის რანგში. იტალიამ საბოლოოდ 5:0 მოიგო, თუმცა 58-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო.
მატჩის შემდეგ ალესანდრო ბასტონიმ აღნიშნა, რომ გატუზომ გასახდელში რამდენიმეს სილა გააწნა. რასპადორის ჰკითხეს, იყო თუ არა ეს მეტაფორული ნათქვამი:
„არა, სილის გაწვნა რეალური იყო, მე კეფაში მომხვდა.
ამ დღეებში მან თავდაჯერება და სიმტკიცე შემოგვმატა. გატუზო გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია იტალიის ნაკრები და ვის წარმოვადგენთ.
ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ მოედანზე ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ეს დავამტკიცოთ. დღეს სტაბილურად ვითამაშეთ პირველიდან ბოლო წუთამდე, რადგან ასეთ გუნდთან ხუთი გოლის გატანა ადვილი არ არის.
ყოჩაღები ვართ, მალევე მივიღეთ შენიშვნა და საუკეთესოდ განვეწყვეთ, ახლა ასე უნდა გავაგრძელოთ." - აღნიშნა რასპადორიმ.