მადრიდის რეალის ყოფილმა კაპიტანმა, ნაჩო ფერნანდესმა ესპანურ გამოცემა AS-თან ინტერვიუში თავისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენა.
36 წლის მცველმა პირველად ისაუბრა ღიად იმ მომენტზე, როცა 12 წლის ასაკში ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და საფეხბურთო კარიერის დასრულება მოსთხოვეს.
ნაჩოს პირველი ტიპის დიაბეტი აღმოაჩნდა. ესპანელი მცველი იხსენებს, რომ საავადმყოფოში რიგითი შემოწმებისას ექიმმა მას ცივად განუცხადა:
ფეხბურთი სამუდამოდ უნდა დაივიწყო, რადგან დიაბეტი გაქვს
"საავადმყოფოში გატარებული ის დღეები სრული კოშმარი იყო. საერთოდ არ მაინტერესებდა დიაბეტი და არაფერი სხვა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერა დასრულდა. ეს იყო ყველაზე მძიმე დარტყმა, რაც კი ბავშვობაში მიმიღია," - განაცხადა ნაჩომ.
თუმცა, სასოწარკვეთილი შაბათ-კვირის შემდეგ, ორშაბათს კლინიკაში ენდოკრინოლოგი გამოჩნდა, რომელმაც წინა ექიმის განაჩენი უარყო და გაოცებულმა იკითხა, თუ ვინ უთხრა ბავშვს მსგავსი სისულელე.
დღეს ნაჩო მიიჩნევს, რომ დიაგნოზმა ის ბევრად უფრო პასუხისმგებლიანი გახადა, ხოლო ყველაზე დიდ ბედნიერებას ის ფაქტი ანიჭებს, რომ ამავე დაავადებასთან მებრძოლი ბავშვებისთვის მისი კარიერა იმედისა და წარმატების მთავარ სიმბოლოდ იქცა.