მადრიდის რეალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში სრულიად უპრეცედენტო რეკორდს ამყარებს.
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, დღეს კლუბის დირექტორთა საბჭო უმნიშვნელოვანეს შეხვედრას მართავს, სადაც გასული სეზონის ფინანსურ მონაცემებს გაასაჯაროებს. საუბარია 1.5 მილიარდ დოლარზე, რაც ნებისმიერი სპორტული ინსტიტუციისთვის აქამდე მიუღწეველი მაჩვენებელია.
ფლორენტინო პერესის პროექტი ფინანსურ მწვერვალზე იმყოფება. სპონსორებთან გაფორმებული კონტრაქტების წყალობით, მადრიდელთა მაისური ფეხბურთში ყველაზე ძვირადღირებული გახდა და კლუბს მხოლოდ ამ მიმართულებით წლიურად 346 მილიონი დოლარი მოაქვს. ამას ემატება გუნდის აკადემია, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალგაზრდა ტალანტების გაყიდვით უკვე 115 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მძლავრი ფინანსური ზურგი ესპანურ გრანდს ბაზარზე აგრესიული მოქმედების საშუალებას აძლევს. უახლოეს საათებში რეალი რიგით მეხუთე ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს. კლუბმა ლაიფციგთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია და კოტ-დ'ივუარელ იან დიომანდეს იმატებს. სამწვრთნელო შტაბმა დაასკვნა, რომ გუნდს სისწრაფე აკლია და ახალ პროექტში ახალგაზრდა შემტევი სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიჰყავთ.