გერმანულმა გამოცემამ Heidenheimer Zeitung-მა ჰაიდენჰაიმის ქართველ თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით: „რატომ არის ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმის ნომერ პირველი თავდამსხმელი“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 32 წლის ფორვარდი შეუცვლელია და გოლების გატანას განაგრძობს. სანაკრებო პაუზიდან ერთ კვირაში მან დარმშტადტთან შეხვედრაში ანგარიში გახსნა, სეზონში მეხუთე გოლი მიითვალა და ჰაიდენჰაიმი მიმდინარე სეზონში მესამედ დააწინაურა.
ამ მაჩვენებლით ზივზივაძე გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში უკვე ცხრა თამაში დაიწყო.
ზივზივაძემ სანაკრებო პაუზის შემდეგ მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა დარმშტადტთან მაინც ძირითად შემადგენლობაში იყო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა განმარტა, რომ ეს წინასწარი შეთანხმების ნაწილი იყო:
მასთან ასეთი შეთანხმება გვქონდა. იმედი მქონდა, რომ უკრაინასთან ბევრს არ ითამაშებდა. მოედანზე ნახევარი საათი გაატარა, რაც კარგია.
გამოცემის ინფორმაციით, ზივზივაძეს თავადაც ჰქონდა სიტყვის თქმის უფლება იმაზე, დაიწყებდა თუ არა თამაშს სასტარტოში, რაც გატანილი გოლით გაამართლა, მე-13 წუთზე კი დუბლის შესრულებასთანაც ახლოს იყო, თუმცა თავური დარტყმა კარს ოდნავ ასცდა.
ფრანკ შმიდტმა ქართველი ფორვარდის თამაში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდის მარცხი მისი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა:
მას კიდევ ორი-სამი კარგი დარტყმა ჰქონდა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, უფრო მეტი მხარდაჭერა მიეღო. ეს მარცხი მისი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა.