იბერია 1999-ის ნახევარმცველი ნიკოლოზ დადიანი "#ფუუპოდკასტის" სტუმარი იყო, სადაც გუნდის ევროტურნირებზე გამოსვლაზე, ხეტაფესთან მოახლოებულ მატჩსა და სტადიონზე გულშემატკივრების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დადიანმა აღნიშნა, რომ გულშემატკივრების თანადგომა მოედანზე ფეხბურთელების ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება და გუნდს დამატებით ენერგიას აძლევს:
საქართველოს ჩემპიონატზე ფაქტიურად არ დადის ხალხი და მანდ საერთოდ სხვა მუხტით ვთამაშობთ. გიწევს რომ შენით შეიქმნა ის ენერგია და მუხტი. კოპენჰაგენთან რომ ვიყავით ჩასულები, სირბილის მონაცემები ყველა თამაშის შემდეგ გვაქვს და ყველას საუკეთესო მაჩვენებელი გვქონდა, რაც კი აქამდე გვქონია თითოეულ ფეხბურთელს. იმათი გულშემატკივრები იყვნენ, მაგრამ ჩვენც რამხელა ძალას გვაძლევდნენ. ჩვენი გულშემატკივარი ლარნესთან რომ გვედგა გვერდში, უკვე სხვანაირი ენერგიით ვიყავით.
ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე რთული გასვლითი შეხვედრები ბათუმში იმართება, სადაც გულშემატკივრების მხრიდან გამორჩეული ატმოსფერო და მუხტია.
მისი თქმით, სავსე ტრიბუნები და ქომაგების ენერგია მოთამაშეებს განსაკუთრებულ მუხტს აძლევს, რაც 26 ნოემბერს, ხეტაფესთან დაგეგმილ მატჩშიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
იბერიას კონფერენს ლიგის საშინაო მატჩის ბილეთების შეძენა ამ ლინკზე შეგიძლიათ.