მექსიკის ფეხბურთის ფედერაცია ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მიმდინარე კრიზისისა და სერიოზული წნეხის მიუხედავადაც უცვლელად უჭერს მხარს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინფანტინომ მექსიკას პირობა მისცა, რომ კონკაკაფის ზონის დატოვებასა და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციაში (CONMEBOL) გადასვლაში დაეხმარებოდა.
მექსიკის ფეხბურთის ფედერაციასა და კონკაკაფის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც რეგიონულმა ორგანიზაციამ მექსიკური ნაკრებისა და კლუბების მონაწილეობის შეზღუდვა სცადა სამხრეთ ამერიკულ პრესტიჟულ ტურნირებში, როგორიცაა კოპა ამერიკა, კოპა ლიბერტადორესი და კოპა სუდამერიკანა. ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია ფაქტობრივად გაწყვეტილია, რის გამოც FMF ალტერნატიული გზების ძიებაშია.
სამხრეთ ამერიკის ზონაში გადასვლა მექსიკისთვის დაკავშირებულია როგორც საფეხბურთო, ისე ფინანსურ ინტერესებთან. მიუხედავად იმისა, რომ კონმებოლის შესარჩევი ეტაპი ტრადიციულად ძალიან რთულია, მსოფლიო ჩემპიონატის მოსალოდნელი გაფართოება და სამხრეთ ამერიკისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ზრდა მექსიკას აძლევს გარანტიას, რომ მუნდიალებზე კვლავ სტაბილურად მოხვდება.
კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც მექსიკა ინფანტინოს უჭერს მხარს, 2029 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილია.