საფეხბურთო კლუბ იბერიას პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, კლუბი მუდამ ცდილობს ფეხბურთელებისა და გუნდის ინტერესების გათვალისწინებას, თუმცა რთული ამოცანების შესრულებისას გარკვეული გამოწვევებიც წარმოიქმნება.
ბედოშვილის გარშემო შექმნილ ოთხთვიან დისკვალიფიკაციასა და საფეხბურთო კლუბ ორბის სასარგებლოდ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კლუბში იცოდნენ დავის შესახებ, თუმცა ასეთი მკაცრი სანქციის პროგნოზირება შეუძლებელი იყო:
ამ დოზის რისკებს ვერავინ ვერ გააცნობიერებდა. ძალიან გამოადგა ჩვენს გუნდს და ბევრი კარგი მომენტი აჩუქა მაყურებელს. მიუხედავად რისკისა ფეხბურთელისთვისაც კარგი გავაკეთეთ იმიტომ, რომ იქ არ თამაშობდა და მინიმუმ სათამაშო პრაქტიკა მიეცა.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლუბი ერთი ოჯახია და ბედოშვილს ყველა საჭირო იურიდიული თუ მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფს, რათა მან სათამაშო ფორმა შეინარჩუნოს და მომავალში გუნდს დაეხმაროს.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოესწრო გიორგი ბერიძის დარეგისტრირება ევროპული ტურნირებისთვის და რატომ მოუწევს მას მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში თამაში, პრეზიდენტმა განმარტა:
ბერიძესთან თავიდან ბოლომდე სპორტული დირექტორის პრეროგატივაა. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, თვითონ ბერიძეს ჰქონდა შემოთავაზებები უცხოეთიდან ამიტომ ბოლომდე არ ჩქარობდა და ვერ მოვასწარით, სანამ თვითონ გაერკვა. აღმოვჩნდით იმ დილემის წინაშე, რომ მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში გამოვიყენებდით.
კლუბი იმედოვნებს, რომ ბერიძე მალე აღიდგენს ოპტიმალურ კონდიციებს და გუნდს ეროვნულ ლიგაში მაქსიმალურად დაეხმარება.