სამშაბათს, 7 აპრილს, მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ მატჩში მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს.
დაპირისპირება, რომელიც საკლუბო ფეხბურთში ევროპულ კლასიკოდ არის შერაცხული, სრულიად განსხვავებული განწყობით გაიმართება.
მადრიდული გიგანტი სანაკრებო პაუზიდან წარუმატებლად დაბრუნდა: იქამდე იყო გაგდებული სიტი და დამარცხებული ატლეტიკო, ახლა კი გუნდი მე-18 ადგილოსან მალიორკასთან დამარცხდა და ლა ლიგის მოგების ისედაც არც ისე დიდი შანსი კიდევ უფრო შეიმცირა, მითუმეტეს თუ დღეს ბარსელონა სტუმრად ატლეტიკოს დაამარცხებს.
რეალი ქულებს კარგავს - ტიტულისთვის ბრძოლა რთულდება
სრულიად განსხვავებული სიტუაციაა მიუნხენურ ბანაკში, სადაც ბაიერნი ტრავმირებული ჰარი კეინის გარეშეც ახერხებს ბრწყინვალე სტილში გამარჯვებების მოპოვებას და ბუნდესლიგის მორიგი ტიტული პრაქტიკულად ჯიბეში უდევს (უახლოეს მდევარს ბავარია 6 ტურით ადრე 11 ქულით უსწრებს).
VIDEO: ბაიერნის სასწაული და ბოლო 10 წუთში 0:2-დან მოგებული მატჩი
დღესაც, როცა თითქოს რეალთან ერთად, პარალელურად ბაიერნიც აგებდა, თანაც კიდევ უფრო უსიამოვნო ანგარიშით (0:2), კომპანის შეგირდებმა ძალები მოიკრიბეს და ბოლო 10 წუთში მატჩი გადაარჩინეს კი არა, მოიგეს კიდეც.
ქამბექის შანსი ჰქონდა რეალსაც, რომელმაც 88-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა გამარჯვების გოლის გატანის ნაცვლად, საკუთარ კარში მიიღო მეორე და მასპინძლებს გადარჩენისთვის ბრძოლაში ასე საჭირო სამი ქულა გადაულოცა.
ამ დაპირისპირებაში მიმდინარე უიქენდამდეც დიდ ფავორიტად ბაიერნი მოიაზრებოდა, ხოლო ბოლო შედეგების ფონზე, მოსაზრება კიდევ უფრო გამტკიცდა.
თუმცა, რეალი ჩემპიონთა ლიგის მეფედაც სწორედ იმიტომ მოიაზრება, რომ ზუსტად მაშინ, როცა ყველაფერი მის წინააღმდეგ არის, როცა თითქმის ყველას ჩამოწერილი ჰყავს, ყველანაირ მოლოდინს აჭარბებს და თავის მიზანს მაინც აღწევს.
ბევრი ლოდინი ნამდვილად აღარ დაგვრჩა...