მადრიდის რეალი წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნებაზე აქტიურად ზრუნავს.
მას შემდეგ, რაც არდა გიულერმა და ვინისიუს ჟუნიორმა კლუბთან ხელშეკრულებები 2032 წლამდე გაახანგრძლივეს, სამეფო კლუბის მთავარი პრიორიტეტი ჯუდ ბელინგემია. 23 წლის ინგლისელმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო ფორმა დაიბრუნა (12 მატჩში 4 გოლი და 3 ასისტი) და დაცვით ფაზაში შესრულებული უდიდესი სამუშაოს გამო, მადრიდში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბელინგემის მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდეა გათვლილი, რეალს სურს, ფეხბურთელი გაწეული შრომისთვის დააჯილდოოს და რისკები თავიდან აირიდოს. ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მოლაპარაკებების დაწყებამდე ინგლისელმა ხელმძღვანელობას ორი კონკრეტული პირობა წაუყენა.
პირველი მოთხოვნა ფინანსურ დეტალებს უკავშირდება - ჯუდს სურს, რომ მისი ანაზღაურება ვინისიუს ჟუნიორის ხელფასს გაუთანაბრდეს და წლიურად დაახლოებით 22 მილიონი ევრო შეადგინოს. მადრიდელები ამ პირობის დასაკმაყოფილებლად მზად არიან.
მეორე და უმთავრესი პირობა კლუბის სპორტულ ამბიციებს ეხება. ულტიმატუმი მარტივია: ბელინგემს სურს გარანტია, რომ ფლორენტინო პერესის პროექტი კვლავ უმაღლეს დონეზე დარჩება და გუნდი ყოველწლიურად ყველა შესაძლო ტიტულისთვის იბრძოლებს.
ამ ეტაპზე მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, მხარეები შეთანხმებას მალე მიაღწევენ.