მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა, ოფიციალური სამართლებრივი დავა დაიწყოს, თუ დადასტურდება, რომ აკადემიის 16 წლის ვარსკვლავთან, ჯეი ჯეი გაბრიელთან კონკურენტმა კლუბებმა უკანონო მოლაპარაკებები აწარმოეს.
მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშე ჯერ კიდევ ინგლისური გრანდის კონტრაქტის ქვეშაა, გავრცელებული ინფორმაციით, მას უკვე აქვს სიტყვიერი შეთანხმება მადრიდის რეალთან, რაშიც ევროკავშირის პასპორტი დაეხმარა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში უკიდურესად დაიძაბა. გაბრიელი სექტემბრის შემდეგ სავარჯიშო ბაზაზე არ გამოჩენილა და კლუბთან ყველანაირი კომუნიკაცია გაწყვიტა. წითელი ეშმაკებისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ტალანტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოც, სადაც მან ოლდ ტრაფორდიდან წასვლის შესახებ კლუბის გაფრთხილების გარეშე გამოაცხადა.
სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სეზონის დაწყებამდე მოთამაშის აგენტებმა იუნაიტედს დაუჯერებელი მოთხოვნები წაუყენეს. ისინი ითხოვდნენ ძირითად გუნდში, კონკრეტულად კი ბრაიტონის, ბორნმუთისა და საბაჰის წინააღმდეგ მატჩებში მინიმუმ 20-წუთიან გარანტირებულ სათამაშო დროს. ამასთანავე, მოითხოვდნენ 77-ე ნომრიან მაისურს და ზურგზე "Gabriel JR"-ის დაწერას.