Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალში სულ უფრო მკაფიოდ აღიარებენ, რომ ჩაბი ალონსო ნახევარდაცვასთან დაკავშირებით თავიდანვე მართალი იყო.
ესპანელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ მაისში აცნობა, რომ გუნდს აუცილებად სჭირდებოდა ტემპის მაკონტროლებელი ნახევარმცველი.
2025 წლის მაისში გამართულ პირველ შეხვედრაზე, სადაც ჩაბი ალონსო ხოსე ანხელ სანჩესს, სანტიაგო სოლარისა და ხუნი კალაფატს შეხვდა, მწვრთნელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ასეთი პროფილის ფეხბურთელის დამატება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. მისი აზრით, გუნდს აკლდა მოთამაშე, რომელიც თამაშის რიტმს გააკონტროლებდა.
კლუბის ხელმძღვანელობამ მაშინ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მწვრთნელს მიუთითა, რომ მას უკვე ჰყავს კამავინგა, ბელინგემი, ჩუამენი, გიულერი, ვალვერდე და სებალიოსი, რაც, მათი აზრით, საკმარისი ნახევარდაცვა იყო.
თუმცა, ექვსი თვის შემდეგ კლუბში დამოკიდებულება შეიცვალა. წყაროების ცნობით, მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა ახლა უკვე თვლის, რომ ჩაბი ალონსოს შეფასება სწორი იყო და გუნდს ნამდვილად სჭირდება კლასიკური დამრიგებელი ნახევარმცველი.
Marca წერს, რომ უახლოეს პერიოდში სწორედ ამ პოზიციის გაძლიერება შეიძლება გახდეს კლუბის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო პრიორიტეტი, რათა გუნდი სრულად მოერგოს ჩაბი ალონსოს სათამაშო ხედვას.