მადრიდის რეალის ფეხბურთელებს სურთ, რომ ალვარო არბელოა მომავალ სეზონშიც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩეს.
მოთამაშეები მას „მამაც ლიდერად“ მიიჩნევენ, რომელიც მათთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს და შესანიშნავი საფეხბურთო იდეები აქვს.
გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, არბელოამ რეალის გასახდელი სრულად მოიგო. ფეხბურთელები მასთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ, რის გამოც მწვრთნელს გუნდზე უდიდესი გავლენა აქვს. შემადგენლობა აფასებს იმას, თუ როგორ იცავს მათ ალვარო საჯაროდ, თუმცა დახურულ კარს მიღმა ის ფეხბურთელებთან ყოველთვის პირდაპირი და გულწრფელია.
გუნდი კმაყოფილია როგორც არბელოას სათამაშო სტილით და მიდგომებით, ასევე ახალი სამწვრთნელო შტაბით. მოთამაშეებსა და ასისტენტებს შორის მჭიდრო კავშირი როგორც მოედანზე, ისე მის გარეთაც ჩამოყალიბდა.
საინტერესო დეტალია არბელოას სამუშაო კაბინეტი, სადაც ნაცრისფერი დივანი დგას. მწვრთნელი იქ ფეხბურთელებს იწვევს, რათა ისინი უკეთ გაიცნოს, აზრები გაუზიაროს და თავისი გეგმები დეტალურად აუხსნას. ამ მიდგომამ მწვრთნელსა და გუნდს შორის ნდობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.