მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს სამეფო კლუბში დაბრუნებამდე პორტუგალიის ეროვნული ნაკრები უნდა ჩაებარებინა.
As-ის ინფორმაციით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში უკვე იცოდნენ, რომ რობერტო მარტინესი ტურნირის შემდეგ პოსტს დატოვებდა. სწორედ ამ დროს ფედერაციის წარმომადგენლები 63 წლის მოურინიოს დაუკავშირდნენ, წინადადება შესთავაზეს და დეტალებიც კი განიხილეს.
თუმცა, სწორედ ამ მომენტში რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დახმარებისთვის იმ დროს ბენფიკას თავკაცს მიმართა.
პერესმა გადაწყვიტა გაემეორებინა სცენარი, რომელიც მანამდე ზინედინ ზიდანთან და კარლო ანჩელოტისთან გამოსცადა.
პერესსა და მოურინიოს შორის კავშირი 2013 წელს მადრიდიდან წასვლის შემდეგაც არ გაწყვეტილა. ჟოზემ მეგობრის თხოვნას უპასუხა და რეალში დაბრუნდა - სამეფო კლუბმა ბენფიკას გამოსასყიდი თანხა გადაუხადა. პორტუგალიის ფედერაციაში მოურინიოს არჩევანს გაგებით შეხვდნენ და მოგვიანებით მწვრთნელად ჟორჟე ჟეზუში დანიშნეს.
აღსანიშნავია, რომ ფედერაცია მოურინიოს ნაკრებში 2012 წელსაც იწვევდა, როდესაც ის რეალს თავკაცობდა. მას ორივე პოსტის შეთავსებას სთავაზობდნენ, თუმცა სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ ეს იდეა უარყო.