ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ატლეტიკოსთან განცდილი მარცხის (0:2) მიუხედავად, ბარსელონა ფარ-ხმალს არ ყრის.
კატალონიელებს სჯერათ, რომ ნახევარფინალში გასვლა, სადაც ისინი 2015 წლის შემდეგ არ ყოფილან, ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ესპანურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ ხუთი მთავარი ფაქტორი დაასახელა, რაც ბარსელონას რემონტადის იმედს აძლევს:
1. დადებითი ისტორია და 10 ქამბექი სეზონში
ბარსელონას მიმდინარე სეზონში ხასიათის ჩვენება არ უჭირს. გუნდმა უკვე 10-ჯერ შეძლო თამაშის შემობრუნება (7-ჯერ ლა ლიგაში და 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე). მეტიც, 2025 წელს ჰანს ფლიკის გუნდმა მეტროპოლიტანოზე 0:2-დან 4:2 მოიგო, რაც იდეალური ფსიქოლოგიური სტიმულია.
2. ევროპული სტატისტიკა
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბარსელონას 12-დან 5 შემთხვევაში აქვს ამოქაჩული ორბურთიანი უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ ქამბექების უმეტესობა შინ სრულდებოდა, სტატისტიკა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
3. ფრენკი დე იონგის დაბრუნება
მოედანზე ბრუნდება ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი, რაც გუნდის ცენტრს კრეატიულობას შემატებს. ასევე, პედრიმ ლა ლიგის ბოლო ტურში დაისვენა, რათა მადრიდში სრული ენერგიით ითამაშოს. თუმცა, დანაკლისიც დიდია, პაუ კუბარსი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
4. იმედგაცრუება, როგორც მოტივაცია
პირველ მატჩში წაგებამ ფეხბურთელებზე მძიმედ იმოქმედა. ლამინ იამალისა და გავის ემოციები გასახდელში ბრძოლის სურვილად გარდაიქმნა. ჰანს ფლიკი ამჟამად ამ ბრაზს ტაქტიკურ იარაღად იყენებს, რათა გუნდმა მადრიდში მაქსიმუმი გაიღოს.
5. ტექნიკური უპირატესობა
კატალონიელებს სჯერათ, რომ მათი ტექნიკური პოტენციალი საკმარისია ატლეტიკოს დაცვის გასარღვევად. გადამწყვეტი შეხვედრა ვანდა მეტროპოლიტანოზე მომავალ სამშაბათს გაიმართება.