-
Aa
+
ფონტის ზომა
ფიფას მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელის, პიერლუიჯი კოლინას განცხადებით, ეს შესწორებები მიზნად ისახავს დისკრიმინაციასთან ბრძოლას, დროის გაყვანის შემცირებას, თამაშის ტემპის გაზრდასა და როგორც ფეხბურთელების, ისე გულშემატკივრების გამოცდილების გაუმჯობესებას.
გთავაზობთ იმ მთავარ წესებს, რომლებიც უახლოეს მუნდიალზე აამოქმედდება:
ფეხბურთელი, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციაში მსაჯთან ან მეტოქესთან საუბრისას პირზე ხელს, მკლავს ან მაისურს აიფარებს, პირდაპირ წითელ ბარათს მიიღებს. ეს წესი მას შემდეგ შემუშავდა, რაც ბენფიკას მოთამაშე პირდაფარული ჯანლუკა პრესტიანი ვინისიუს ჟუნიორის მისამართით დისკრიმინაციული ფრაზების თქმაში დაადანაშაულეს. აღსანიშნავია, რომ სასჯელი არ შეეხებათ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მეგობრულად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე საუბრობენ, მაგალითად, სხვა გუნდში მოასპარეზე ყოფილ თანაგუნდელებთან.
თუ ფეხბურთელი მსაჯის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მოედანს თვითნებურად დატოვებს, ის წითელი ბარათით დაისჯება. იგივე წესი გავრცელდება გუნდის ოფიციალურ პირებზეც, რომლებიც მოთამაშეებს მოედნიდან გასვლისკენ მოუწოდებენ. ამასთან, გუნდს, რომელიც მატჩის ჩაშლას გამოიწვევს, ტექნიკური წაგება ჩაეთვლება.
მსაჯები ხელის აწევით დაიწყებენ ვიზუალურ ხუთწამიან ათვლას. თუ აუტის ჩაწოდებისას ბურთი მოცემულ დროში თამაშში არ დაბრუნდება, აუტის შესრულების უფლება მეტოქეს გადაეცემა, ხოლო თუ მეკარე კარიდან დარტყმას 5 წამში არ შეასრულებს, მოწინააღმდეგე გუნდი კუთხურის ჩაწოდების უფლებას მიიღებს.
სათადარიგო მსაჯის მიერ ტაბლოს აწევის შემდეგ, შესაცვლელ ფეხბურთელს მოედნის დასატოვებლად ზუსტად 10 წამი ეძლევა, თანაც მან მოედანი უახლოესი გვერდითი ხაზიდან უნდა დატოვოს. თუ მოთამაშე ამ დროში ვერ ჩაეტევა, მის ნაცვლად გამსვლელი ფეხბურთელი მოედანზე მხოლოდ მომდევნო სათამაშო პაუზის დროს შევა, მას შემდეგ, რაც თამაშის განახლებიდან მინიმუმ ერთი წუთი გავა და მსაჯი ნებართვას მისცემს. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ ტრავმებისა და უსაფრთხოების რისკების დროს.
თუ მოედანზე სამედიცინო პერსონალი შევიდა ფეხბურთელის დასახმარებლად, თამაშის განახლების შემდეგ ამ მოთამაშემ მოედანი ერთი წუთით უნდა დატოვოს. გამონაკლისია მეკარის ტრავმა, მეკარისა და მინდვრის მოთამაშის შეჯახება, თანაგუნდელების შეჯახება, მძიმე დაზიანებები (მაგალითად, ტვინის შერყევა ან თავის ტრავმა) და შემთხვევა, როდესაც დაშავებული ფეხბურთელი პენალტის შემსრულებელია.
კოლინას თქმით, მას შემდეგ, რაც VAR-ი 2017 წელს დაინერგა, დაგროვდა საკმარისი გამოცდილება პროტოკოლის გადასახედად. ახალი წესით, ვიდეორეფერის ჩარევა დამატებით შესაძლებელი იქნება, როდესაც აშკარად შეცდომით ნაჩვენები ყვითელი ბარათის ნაცვლად მოთამაშე წითელს იმსახურებს, როდესაც მსაჯს მოთამაშეები აერია და ბარათი სხვას უჩვენა, არასწორად დანიშნული კუთხურების დროს, თუკი შეცდომის გამოსწორება თამაშის განახლების შეფერხების გარეშე, მყისიერად არის შესაძლებელი და როდესაც თამაშის განახლებამდე (მაგალითად, სტანდარტულის გათამაშებამდე) თავდამსხმელი მცველზე ჯარიმდება. ასეთ დროს VAR-ი მსაჯს ეპიზოდის გადამოწმებას ურჩევს და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში სტანდარტული ხელახლა გათამაშდება.
ყოველი მატჩის თითოეულ ტაიმში დაწესდება სავალდებულო სამწუთიანი შესვენება ჰიდრატაციისთვის. ეს პაუზა დაახლოებით ტაიმის შუა ნაწილში (22-ე წუთზე) გამოცხადდება. მსაჯებს აქვთ მოქნილობის უფლება - მაგალითად, თუ მე-20 წუთზე ვინმე ტრავმას მიიღებს, არბიტრს შეუძლია წყლის დალევის შესვენება პირდაპირ იმ მომენტში გამოაცხადოს.
თუ მეკარე მოედანზე სამედიცინო დახმარებას იღებს, ორივე გუნდის ფეხბურთელებს ეკრძალებათ სათამაშო სივრცის დატოვება და თავიანთ მწვრთნელებთან ტაქტიკური თათბირის ან ე.წ. ტაიმაუტის მოწყობა.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები