ბარსელონას თინეიჯერმა ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა, რომელიც მუხლის უკანა კუნთის ტრავმის გამო რეაბილიტაციას გადის, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატის წინ არსებულ შიშებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.
ტრავმის გამო მან შესაძლოა ტურნირის სტარტი გამოტოვოს, თუმცა ის ყველაფერს აკეთებს, რათა მოედანს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს.
ფეხბურთელმა გაიხსენა ის მომენტი, როდესაც დაზიანება მიიღო და აღნიშნა, რომ მისი პირველივე ფიქრი და შიში მუნდიალს უკავშირდებოდა:
გულში ვლოცულობდი, რომ სერიოზული არაფერი ყოფილიყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი კარს იყო მომდგარი და ვიცოდი, რომ კუნთის ტრავმა სწრაფად არ რჩება. ძალიან მეშინოდა, რომ ტურნირს გამოვტოვებდი.
მან დასძინა, რომ ოცნების ასრულების პერსპექტივა მას რეაბილიტაციის პროცესში დამატებით მოტივაციას აძლევს.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა საკუთარი კარიერის სწრაფ განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს უკვე ათი წელია დიდ ფეხბურთშია, თუმცა რეალურად ეს მხოლოდ მესამე სეზონია, რადგან სულ რაღაც ოთხი წლის წინ უბნის სპორტულ მოედანზე თამაშობდა. იამალმა აღიარა, რომ ბავშვობაში თუ საკუთარ ოთახში მსოფლიო თასის აწევას ათასჯერ მაინც წარმოიდგენდა, ახლა ეს ყველაფერი რეალობად იქცა, რადგან მუნდიალი ფეხბურთში ყველაზე დიდ მოვლენას წარმოადგენს.
იამალი მზად არის მაღალი მოლოდინებისთვის და ამას გამოწვევად აღიქვამს. ის დარწმუნებულია ესპანეთის ნაკრების წარმატებაში და ხაზი გაუსვა გუნდის სიძლიერეს, სადაც ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ, როგორებიც არიან ოქროს ბურთის მფლობელი როდრი, პედრი, მიკელ ოიარსაბალი, მარკ კუკურეია და სამი საუკეთესო მეკარე. ევროპის ჩემპიონების სტატუსით მყოფი გუნდი ტურნირზე მაქსიმუმის გაღებას აპირებს.