ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა განაცხადა, რომ სრულიად სჯერა თავისი გუნდის და დიდ იმედებს ამყარებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
ეს განცხადება გერმანელმა სპეციალისტმა ტურნირის დაწყების წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრენამდე გააკეთა.
ინგლისის ნაკრები დღეს მაიამიში გაემგზავრება, სადაც მოსამზადებელ შეკრებას გაივლის და ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, 13 ივნისს კი მუდმივ სატურნირო ბაზაზე, კანზას სიტიში გადაინაცვლებს. 26-კაციანი შემადგენლობა ტუხელმა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაასახელა და ბოლო დღეებში გუნდის ორგანიზაციულ დეტალებზე მუშაობდა.
ოფიციალურად: ინგლისის ნაკრების შემადგენლობა 2026 წლის მუნდიალისთვის
მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელებთან სატელეფონო საუბრებმა, მათ შორის იმათთანაც, ვინც განაცხადს მიღმა დარჩა, აჩვენა, თუ რამდენად შეკრულია გუნდი.
ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩემპიონატზე მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა მიიჩნევა, თუმცა ტუხელი ამის მიზეზად გამოყენებას არ აპირებს. მისი თქმით, გუნდს აქვს სპეციალური გაგრილების სტრატეგიები, რაშიც მათ მსოფლიოს სხვადასხვა სპეციალისტები დაეხმარნენ.
ამასთან, პირველი მატჩის ჩატარება დახურულ სტადიონზე, კონდიცირებით მოუწევთ, რაც პრობლემას მოხსნის, შემდგომ ეტაპებზე კი გარემო პირობებთან ადაპტაცია იქნება საჭირო.
ინგლისი მსოფლიოზე ასპარეზობას 17 ივნისს, ხორვატიის წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს, ჯგუფში მათი მომდევნო მეტოქეები კი განა და პანამა იქნებიან.