ჩარლზ ოლივეირამ გამოცემა Olhar da Luta-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის უკვე დაბრუნდა დარბაზში და ინტენსიურ ვარჯიშებს აგრძელებს, რადგან მისი მთავარი მიზანი 2026 წლის დასრულებამდე ოქტაგონზე გასვლა და კიდევ ერთი ბრძოლის გამართვაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი მზადყოფნას გამოთქვამს, ამ დრომდე UFC-ისგან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. როგორც თავად აღნიშნა:
მე არანაირი ბრძოლა არ მაქვს ჩანიშნული. არცერთი მეტოქე არ შემომთავაზეს.
ოლივეირას თქმით, მედიასა და გულშემატკივრებში ბევრი სახელი სახელდება, თუმცა რეალური არაფერი არ ხდება:
ხალხი სხვადასხვა სახელს აჟღერებს, მაგრამ რეალურად ხელთ არაფერი მაქვს. სიმართლე ისაა, რომ წლის ბოლომდე ისევ მინდა ბრძოლა. ძალიან მინდა კიდევ ერთი ორთაბრძოლის გამართვა.
თავდაპირველად მოლოდინი იყო, რომ ბრაზილიელი მებრძოლი სექტემბერში, ლოს-ანჯელესში დაგეგმილ UFC 331-ზე არმან ცარუკიანის წინააღმდეგ იბრძოლებდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. ცარუკიანი ახლა მაურისიო რუფის შეხვდება, ოლივეირა კი ორგანიზაციის ზარსა და შეთავაზებას ელოდება, რათა მსუბუქი წონის დივიზიონში მარტის შემდეგ (როდესაც მან მაქს ჰოლოუეი დაამარცხა) კვლავ საქმეში ჩაერთოს.