ინგლისის ეროვნული ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში გასამართ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება. გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი მზად არის მამაკაცთა გუნდის 60-წლიანი უტიტულო პერიოდი დაასრულოს, რომელიც 1966 წლის ტრიუმფის შემდეგ გრძელდება.
ამ გზაზე პირველი ნაბიჯი კი იმ 26 ფეხბურთელის დასახელებაა, რომლებიც მომავალ თვეში ოკეანის გაღმა გაემგზავრებიან.
ინგლისი მუნდიალის L ჯგუფში მოხვდა ხორვატიასთან, განასთან და პანამასთან ერთად. ტუხელის გუნდი პირველ შეხვედრას ლუკა მოდრიჩის ნაკრების წინააღმდეგ 17 ივნისს, ტეხასის შტატის ქალაქ არლინგტონში გამართავს. ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩები 23 ივნისს ბოსტონში (განასთან) და 27 ივნისს ნიუ-იორკში (პანამასთან) შედგება.
ინგლისის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა პარასკევს, 22 მაისს, ლონდონის უემბლის სტადიონიდან ოფიციალურად გამოცხადდება. საზეიმო ღონისძიება თბილისის დროით 12:45 საათზე (09:45 BST) დაიწყება და მალევე გახდება ცნობილი ყველა ფეხბურთელის ვინაობა.
ოფიციალური ტრანსლაციის მიმდინარეობისას ეთერში ყოფილი ფეხბურთელები - დანიელ სტარიჯი და თეო უოლკოტი გამოჩნდებიან, ხოლო ღონისძიების წამყვანი კაილ უოლკერი იქნება. უშუალოდ მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი, მედიის წარმომადგენლების კითხვებს თბილისის დროით 14:00 საათიდან უპასუხებს.
შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ტუხელი და მისი გუნდი ივნისის დასაწყისში ფლორიდაში გაემგზავრებიან, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისწინა მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან.