საქართველოს 19-წლამდელთა ფეხბურთელთა ნაკრებმა ლატვიელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩების სერია კიდევ ერთი ფრეთი დაასრულა.
დავით პეტრიაშვილის არენაზე გამართული პირველი შეხვედრის (2:2) მსგავსად, გუნდებმა გამარჯვებული ვერც მეორე მატჩში გამოავლინეს. დაპირისპირება ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილი გუნდი მატჩის მსვლელობისას აგებდა, მას შემდეგ, რაც 36-ე წუთზე სტუმართა შემადგენლობაში მარკუს გომინსმა ანგარიში გახსნა.
საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინა. 57-ე წუთზე ლატვიელთა კარში გოლი ოსასუნას ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა, ნიკოლოზ ბარიხაშვილი-შეყლაშვილმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელები ოფიციალური მატჩებისთვის ემზადებიან. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდში გუნდი B ლიგაში ბოსნია-ჰერცეგოვინას, დანიასა და სან მარინოს დაუპირისპირდება.