ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გავლენა სპორტის სამყაროზე მხოლოდ საკალათბურთო მოედნით არ შემოიფარგლება. მისი ცხოვრებისა და კარიერის განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო ფეხბურთიც.
ფეხბურთისადმი ბრაიანტის სიყვარული ბავშვობიდან იწყება. პატარა კობი 6-დან 14 წლამდე ფეხბურთს თითქმის ყოველდღე თამაშობდა - თავდაპირველად მეკარის, მოგვიანებით კი ნახევარმცველის პოზიციაზე.
ბრაიანტი ხშირად აღნიშნავდა, რომ სწორედ ფეხბურთმა განუვითარა ფეხით მუშაობის ტექნიკა, სისწრაფე, გამძლეობა და სივრცის აღქმა, რაც მოგვიანებით მის საკალათბურთო სავიზიტო ბარათად იქცა.
კობი 10-ნომრიან მაისურს სწორედ ლეგენდარული ფეხბურთელების პატივსაცემად ატარებდა. ის ბავშვობაში იტალიურ მილანს გულშემატკივრობდა და მარკო ვან ბასტენის, რუუდ გულიტის, ფრანკ რაიკაარდისა და პაოლო მალდინის თამაშით იყო აღფრთოვანებული, მოგვიანებით კი ბარსელონას დიდი ქომაგი გახდა.
ბრაიანტს ახლო მეგობრობა აკავშირებდა რონალდინიოსთან და ლიონელ მესისთან, აშშ-ში კი ფეხბურთის პოპულარიზაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო.
კობისა და ფეხბურთის კავშირი სპორტულ ეკიპირებაშიც აისახა. 2013 წელს ნაიკმა გამოუშვა საკალათბურთო ფეხსაცმელი Kobe 8 Mambacurial, რომლის დიზაინიც იმ დროისთვის საკულტო საფეხბურთო ბუცის, Nike Mercurial Vapor IX Fireberry-ის შთაგონებით შეიქმნა. სამი წლის შემდეგ გამოვიდა Kobe 11 Mambacurial, რომელიც ბარსელონას ფერებში იყო გადაწყვეტილი.
2020 წელს ბრაიანტის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრეობა ფეხბურთში კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. 2025/26 წლების სეზონში კატალონიური ბარსელონას საგარეო ფორმაზე სწორედ Mamba-ს ლოგო გამოჩნდა, რაც 2026/27 წლების სეზონისთვის შავი ფერის განახლებული ეკიპირებითაც გაგრძელდა.
გარდა ამისა, ნაიკმა გამოუშვა სპეციალური გამოცემის ბუცები Phantom 6 Black Mamba, სექტემბერში კი სტივენ ბერგვაინი მოედანზე გამოჩნდა ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი Mercurial Superfly-ის მოდელით, რომელიც 2013 წლის Fireberry-ის ფერებს იმეორებს.
Kobe 8 Protro Mambacurial კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კალათბურთისა და ფეხბურთის ეს უნიკალური სინთეზი ახალ ეტაპზე გადადის.