მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა პრემიერ ლიგის მე-4 ტურში სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედთან მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ნორვეგიელი ერთადერთი გოლის ავტორი 60-ე წუთზე გახდა. სტუმრები 23-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ - ფილიპ ფოდენის გაძევების შემდეგ.
ჰალანდის გოლი თავიდან თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, თუმცა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ არბიტრებმა ბურთი ჩათვალეს.
„ვიფიქრე, რომ შესაძლოა ბურთს ვინმე მსუბუქად შეეხო. როდესაც გაირკვა, რომ მას არავინ შეხებია. მათ ჩათვალეს, რომ თამაშგარეში ვიყავი, თუმცა, როგორც წესი, ოფსაიდში არასდროს ვხვდები და ამიტომ არც მიფიქრია, რომ ჩემზე ამოწმებდნენ.
ფეხბურთში მატჩების მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა განსაკუთრებით სასიამოვნოა ამის გაკეთება ოლდ ტრაფორდზე 60 წუთის განმავლობაში 10 კაცით თამაშისას.
ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მატჩის ბოლოს გულშემატკივრები მხარს გიჭერენ. ფინალური სასტვენის შემდეგ ტრიბუნებზე ამდენი ხალხის სახის დანახვა უბრალოდ შთამბეჭდავი გრძნობაა“, - განაცხადა ჰალანდმა Sky Sports-ის ეთერში.