UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რათა აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე მისი პირველი კომენტარის გამოწვეულ არაერთგვაროვან რეაქციებს გამოხმაურებოდა.
დოლიძის თქმით, ეს მიმართვა სწორედ იმ ადამიანებისთვის ჩაწერა, ვინც მისი თავდაპირველი განცხადება არასაკმარისად მკაფიოდ მიიჩნია და ეჭვქვეშ დააყენა.
მებრძოლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, მისი პოზიცია პირველივე დღიდან უცვლელია და მერაბმაც ძალიან კარგად იცის მისი რეალური დამოკიდებულება. დოლიძემ განმარტა, რომ პატივს სცემს ყველას ემოციას, თუმცა განსხვავებული ტონით საუბარი არ ნიშნავს, რომ მას განსხვავებული აზრი აქვს.
რომანისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ უკომპრომისო პოზიციის დაფიქსირებისასაც კი შეინარჩუნოს ისეთი კომუნიკაციის ფორმა, რომელიც მის პიროვნულ სტანდარტებს შეესაბამება. მან პირდაპირ თქვა, რომ სხვისი კრიტიკის გამო საკუთარი გამოხატვის სტილს არ შეცვლის და დაგმო ის ფაქტი, რომ განსხვავებული ფორმით ნათქვამმა სიმართლემ სოციალურ ქსელში ამხელა ნეგატივი, ურთიერთშეურაცხყოფა და ბულინგი გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტზე გაკეთებულ თავდაპირველ შეფასებაში დოლიძემ აღნიშნა, რომ ის რაც მერაბს თავს გადახდა, არც სპორტულად და არც ადამიანურად სწორი არ იყო და მთავარი ქართული ძალა ერთობაშია.