-
Aa
+
ფონტის ზომა
პოზიციებს შორის არის ფლანგის შემტევების (ვინგერები) კატეგორიაც, რომელშიც, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი სიაში მე-3 ადგილს იკავებს და მაიკლ ოლისესა და ლამინ იამალს ჩამორჩება.
ESPN-ის მიხედვით ფლანგის შემტევების საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. მაიკლ ოლისე (ბაიერნი/საფრანგეთი)
2. ლამინ იამალი (ბარსელონა/ესპანეთი)
3. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ/საქართველო)
4. ლუის დიასი (ბაიერნი/კოლუმბია)
5. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი/ არგენტინა)
6. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი/ბრაზილია)
7. ბუკაიო საკა (არსენალი/ინგლისი)
8. რაფინია (ბარსელონა/ბრაზილია)
9. დეზირე დუე (პსჟ/საფრანგეთი)
10. ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი/ბელგია)
,,რა ხდის მას განსაკუთრებულს: ის სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომლის სანახავადაც სტადიონზე ბილეთის ყიდვა ღირს. თავისი დრიბლინგით, ტექნიკითა და გოლებით გულშემატკივარს მუდმივად დაძაბულობაში ამყოფებს.
ადგილი 2025 წლის რეიტინგში: 7
ESPN-ის რეიტინგში მოხვედრის რაოდენობა: 4
ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკა: გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში გოლი გაიტანა ან საგოლე გადაცემა შეასრულა.
რატომ მოხვდა სიაში: 25 წლის ფეხბურთელი, რომელსაც კვარადონას უწოდებენ, ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატია მას შემდეგ, რაც პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 2 ტიტულის მოგებაში დაეხმარა.
ეს მეტსახელი მან ნეაპოლში მიიღო ნაპოლის კიდევ ერთი ლეგენდის, დიეგო მარადონას პატივსაცემად და კვარაცხელია ამ ხმამაღალ შედარებას ნამდვილად ამართლებს. გასულ სეზონში მან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის 9 მატჩში წარმოუდგენელი შედეგი დააფიქსირა - 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.
ამჟამად მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ფეხბურთელი, რომელიც გადამწყვეტ მომენტებში მასზე უკეთ თამაშობს. კვარაცხელიას უყვარს დიდი მატჩები და მნიშვნელოვანი საღამოები. ასეთ შეხვედრებში ის ყოველთვის ახერხებს გადამწყვეტი როლის შესრულებას, საკუთარ თავზე იღებს გუნდის ლიდერობას და ამავდროულად თანაგუნდელების დასახმარებლადაც თავდაუზოგავად შრომობს.
ამ სიაში მყოფი სხვა ფეხბურთელებისგან მას განსაკუთრებით გამოარჩევს უნარი, მაქსიმალური სისწრაფით მოძრაობისას ბურთი დიდ მანძილზე აკონტროლოს. ის ფეხის სხვადასხვა ნაწილს ოსტატურად იყენებს ისე, რომ სირბილის ტემპს პრაქტიკულად არ კარგავს. როგორც გასულ სეზონში მონაკომ, ჩელსიმ, ლივერპულმა, მიუნხენის ბაიერნმა და არსენალმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, როდესაც კვარაცხელიას ბურთი და თავისუფალი სივრცე აქვს, მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია.
რა ელის შემდეგ: 2026/27 წლების სეზონში კვარა კვლავ უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იქნება პსჟ-სთვის. ის მარცხენა ფლანგიდან გააგრძელებს მეტოქე მცველებისთვის პრობლემების შექმნას. კვარაცხელია გასულ თებერვალში მხოლოდ 25 წლის გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კარიერის საუკეთესო წლები მას ჯერ კიდევ წინ აქვს." - წერს ESPN.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები