არგენტინელი ლიონელ მესისა და პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს ისტორიული მეტოქეობა კვლავ ყურადღების ცენტრშია.
ამჯერად, ინტერ მაიამისა და ალ ნასრის ვარსკვლავების კონკურენცია ოქროს ბურთის ოფიციალური პლატფორმის ინიციატივით გრძელდება, რომელმაც ჯილდოს ისტორიაში საუკეთესო გამარჯვებულის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო.
სიაში ის 10 ლეგენდარული ფეხბურთელი მოხვდა, რომლებსაც პრესტიჟული ჯილდო მინიმუმ ორჯერ აქვთ მოგებული. თანამედროვეობის ორ მთავარ ვარსკვლავთან ერთად, გულშემატკივრებს რონალდო ნაზარიოს, მარკო ვან ბასტენის, მიშელ პლატინის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს, კევინ კიგანის, ფრანც ბეკენბაუერის, იოჰან კრუიფისა და ალფრედო დი სტეფანოს არჩევა შეუძლიათ. მონაწილეებმა ფეხბურთელთან ერთად მისი გამარჯვების კონკრეტული სეზონიც უნდა მიუთითონ.
ხმის მიცემის პროცესს საინტერესო წესი აქვს: თითო ხმა 1 ევრო ღირს, სანაცვლოდ კი ამომრჩევლები დაჯილდოების ცერემონიალის 2 ბილეთისა და ჯილდოსთან ფოტოს გადაღების შანსს იღებენ. ფანებს ერთი და იმავე კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეუზღუდავად შეუძლიათ, პროცესი კი 27 ოქტომბრამდე (პარიზის დროით შუაღამემდე) გაგრძელდება.
ამჟამინდელი მონაცემებით, კრიშტიანუ რონალდუს 2008 წლის ოქროს ბურთი (მანჩესტერ იუნაიტედის პერიოდი) დამაჯერებლად, ხმათა 62%-ით ლიდერობს. მესის საუკეთესო მაჩვენებელი 2012 წლის ისტორიულ სეზონს უკავშირდება, რომელმაც ხმების მხოლოდ 13% მიიღო. არგენტინელის დაბალი პროცენტი იმით აიხსნება, რომ მისი ხმები 8 გამარჯვებაზე გადანაწილდა, მაგალითად, 2023 წლის ტიტული 9%-ით მეორე ადგილზეა. რონალდუს სხვა წლების გამარჯვებებმა (2007 და 2016 წლები) შესაბამისად 7% და 2% მიიღეს, დანარჩენი წლების მაჩვენებლები კი 1%-ს ვერ სცდება.