ჟოზე მოურინიო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს.
ESPN-ის ინფორმაციით, 63 წლის სპეციალისტს, რომელიც ამჟამად ბენფიკას ხელმძღვანელობს, ეროვნულ გუნდში მუშაობას მსოფლიო პირველობის დასრულებისთანავე შესთავაზებენ — სწორედ მაშინ ეწურება კონტრაქტი მოქმედ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს.
იმ შემთხვევაში, თუ მოურინიო პორტუგალიის ნაკრებს ჩაიბარებს, ბენფიკაში მას შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი ჩაენაცვლოს.
აღსანიშნავია, რომ მოურინიოს ნაკრებში დანიშვნის საკითხი ადრეც არაერთხელ დადგა, თუმცა მაშინ „განსაკუთრებულმა“ საკლუბო კარიერის გაგრძელება ამჯობინა. ახლა კი, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა და ის მზად არის თავისი ქვეყნის მთავარ გუნდს გაუძღვეს.
რაც შეეხება ამორიმს, მიუხედავად იმისა, რომ მან მთავარ სამწვრთნელო წარმატებებს სპორტინგში მიაღწია, საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი მას სწორედ ბენფიკაში აქვს გატარებული.