იანვარში მაიკლ კერიკის დროებით მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგაში შთამბეჭდავი სერია აჩვენა. წითელი ეშმაკები ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის ხელში სტაბილურობას ვერ პოულობდნენ, რის გამოც INEOS-მა იანვარში მკაცრი ზომების მიღება გადაწყვიტა.
პორტუგალიელი მწვრთნელის 14-თვიანი კოშმარული მმართველობა ოლდ ტრაფორდზე დასრულდა და სეზონის ბოლომდე გუნდი დროებით კერიკმა ჩაიბარა. იმ მომენტისთვის, როდესაც ინგლისელმა პოსტი დაიკავა, იუნაიტედს პრემიერ ლიგის 21 მატჩში მხოლოდ 8 მოგება ჰქონდა.
კერიკმა მუშაობა მანჩესტერ სიტისა და არსენალის დამარცხებით დაიწყო, რამაც გუნდი სრულიად გარდასახა. 3-4-3 სისტემის 4-2-3-1 ფორმაციით ჩანაცვლებამ ნაყოფი გამოიღო - მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 10 მატჩში გუნდმა 7 მოგება და მხოლოდ 1 მარცხი დააფიქსირა.
პოდკასტში Men in Blazers საუბრისას, ბრუნო ფერნანდეშმა აღნიშნა, რომ გუნდმა დაცვა და მომენტების რეალიზაცია დახვეწა:
მომენტების შექმნის თვალსაზრისით, რუბენის დროსაც ლიდერებს შორის ვიყავით, მაგრამ გოლები ვერ გაგვქონდა. ამასთან, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვიყავით იმაში, რომ მეტოქეს ჩვენს საჯარიმოში არ ვუშვებდით, მაგრამ თუ შემოვიდოდნენ, თითქმის ყოველთვის გოლს ვუშვებდით. კერიკთან ერთად უფრო კომპაქტურები გავხდით დაცვაში. გავაცნობიერეთ, რომ არის მომენტები, როცა უნდა გაუძლო და იტანჯო.
არ ვიტყოდი, რომ ეს იღბალია, მაგრამ ჩვენთვის კარგი იყო, რომ კერიკის მოსვლისთანავე ორი დიდი თამაში გვქონდა. როცა სიტის უგებ და მერე არსენალს ეთამაშები, რომელიც ლიგის სათავეშია, შეიძლება იფიქრო, რომ ყველაფერი კარგადაა და აუცილებლად მოიგებ. ჩვენ ვიპოვეთ გზა მატჩების მოსაგებად და ხანდახან დიდმა კლუბებმა უნდა შეძლონ გამარჯვება, მიუხედავად იმისა, ლამაზი ფეხბურთია ეს თუ არა.
ბრუნო ფერნანდეში წელს ბრწყინვალე ფორმაშია - მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 8 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა. ის გახდა მესამე ფეხბურთელი (კევინ დე ბრუინესა და ფრენკ ლამპარდის შემდეგ), რომელმაც პრემიერ ლიგის სამ სხვადასხვა სეზონში 100 და მეტი საგოლე მომენტი შექმნა.