არგენტინელი ნახევარმცველი კლუბმა საკუთარ მომავალზე გაკეთებული საეჭვო კომენტარების გამო დასაჯა.
როგორც ლიამ როსენიორმა დაადასტურა, ენცო ფერნანდესი კვლავ დისკვალიფიცირებულია და მანჩესტერ სიტი წინააღმდეგ ამ უქმეებზე გასამართ მატჩს გამოტოვებს.
არგენტინელს კლუბმა ორმატჩიანი სასჯელი მას შემდეგ გამოუწერა, რაც მარტის საერთაშორისო პაუზის დროს მან რეალ მადრიდში შესაძლო ტრანსფერზე მიანიშნა. მას შემდეგ, რაც ჩელსი ჩემპიონთა ლიგას პსჟ-სთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა, ფეხბურთელმა რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც უარი თქვა კლუბისადმი ერთგულების დადასტურებაზე და ისაუბრა მადრიდში ცხოვრების სურვილზე, რომელიც, მისი თქმით, მშობლიურ ბუენოს აირესს აგონებს.
გასულ კვირას როსენიორმა განაცხადა, რომ ფერნანდესმა ზღვარს გადააბიჯა და სასჯელის სახით ის პორტ ვეილთან და სიტისთან მატჩების მიღმა დატოვა. მართალია, ხუთშაბათს ფეხბურთელის აგენტმა მშვიდობიანი მოლაპარაკებების შესახებ გვამცნო და ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ მწვრთნელი სასჯელს ვადაზე ადრე გააუქმებდა, თუმცა როსენიორმა ეს ინფორმაცია უარყო.
ჩელსიში მშვიდობა დამყარდა - ენცო განაცხადში ბრუნდება?
ჩელსი მთავარი მწვრთნელის თქმით, კლუბსა და მოთამაშეს შორის კვლავ რჩება გარკვეული ბარიერები, რომლებიც უნდა გადაილახოს:
ენცოსთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, სამჯერ თუ ოთხჯერ შევხვდით. მან ბოდიში მოიხადა ჩემთან და კლუბთან. ამ საკითხს კვირას გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის შემდეგ დავუბრუნდებით. ეს სერიოზული შეხვედრაა სერიოზულ საკითხზე. მე მის პიროვნებას ეჭვქვეშ არ ვაყენებ. მჯერა, რომ ადამიანები შეცდომებს უშვებენ და სასჯელი ამ შეცდომის შესაბამისი უნდა იყოს. მე მივიღე გადაწყვეტილება. მინდა, რომ ენცოს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდეს, თუმცა ის კვირას არ ითამაშებს.
მწვრთნელმა ასევე ხაზი გაუსვა კლუბის ღირებულებებსა და კულტურას, რაც, მისი აზრით, გუნდს აძლიერებს.
აღსანიშნავია, რომ ფერნანდესი კარგ ხასიათზე ჩანდა პორტ ვეილთან გამართულ შეხვედრაში, რომელსაც ის სათადარიგო სკამიდან ადევნებდა თვალს. მისი, როგორც ვიცე-კაპიტნის არყოფნა და რის ჯეიმსის ტრავმა, კლუბს ლიდერების გარეშე ტოვებს სეზონის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, როდესაც ჩელსი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.