მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, კვირას ჩელსის წინააღმდეგ გასამართი პრემიერ ლიგის მატჩის წინ გუნდში არსებულ ტრავმებზე დეტალურად ისაუბრა.
სიტის პრემიერ ლიგის სეზონის ბოლომდე ყველა თამაშის მოგება სჭირდება, რათა რეალური შანსი შეინარჩუნოს და არსენალის ცხრაქულიანი უპირატესობა შეამციროს.
ლონდონური ჩელსი შესანიშნავ ფორმაშია. მათ ზედიზედ მოიგეს კარაბაოს თასის ფინალი არსენალთან და ინგლისის თასის მეოთხედფინალი ლივერპული წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ გასულ უქმეებზე ერლინგ ჰალანდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა ლივერპულის 4:0 განადგურებისას. ამ გამარჯვებამ მანჩესტერ სიტის დიდი თავდაჯერებულობა შესძინა ჩელსისა და არსენალის წინააღმდეგ მოსალოდნელი უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ.
გვარდიოლას გუნდი დასავლეთ ლონდონში გამარჯვების მოსაპოვებლად მიემგზავრება, რადგან პრემიერ ლიგის ბოლო შეხვედრაში, რომელიც მარტში გაიმართა, ვესტ ჰემთან ქულები დაკარგეს (1:1).
პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ ლიამ როზენიორის ჩელსისთან მატჩის წინ ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:
რუბენ დიაში, რომელმაც არსენალთან და ლივერპულთან სათასო მატჩები გამოტოვა, ჩელსისთან შეხვედრაშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას. „ის უკეთესადაა, მაგრამ კვირისთვის მზად არ არის,“ - განაცხადა გვარდიოლამ 28 წლის მცველზე. მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ჯონ სტოუნსმა ტრავმა ნაკრებში ყოფნისას მიიღო და ლივერპული წინააღმდეგ განაცხადშიც არ ყოფილა. „დღეს ის შესაძლოა ნაწილობრივ დაუბრუნდეს ვარჯიშს, ვნახოთ,“ - დაამატა პეპმა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სტოუნსი სტემფორდ ბრიჯზე სათამაშოდ მზად იყოს.