UEFA Youth League-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალის პირველ მატჩში, დინამო თბილისის 19-წლამდე გუნდმა დინამო მინსკი, ნომინალური სტუმრის რანგში, 2:0 დაამარცხა.
საპასუხო შეხვედრის წინ, თბილისელთა მარცხენა მცველმა, ლაშა ხუციშვილმა კომენტარი კლუბის პრესსამსახურთან გააკეთა:
"პირველ თამაშში მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ და მეტოქე დამაჯერებლად დავამარცხეთ. ცხადია, იყო რაღაც შეცდომები, მაგრამ ჯამში ისინი პრაქტიკულად ყველა ასპექტში დავჯაბნეთ.
იმის მიუხედავად, რომ საპასუხო მატჩს 2-ბურთიანი უპირატესობით ვხვდებით, ძალიან რთული თამაში გველოდება. ჩვენი მაქსიმუმის გაკეთებას შევეცდებით, გულშემატკივარს კი მოვუწოდებ, რომ ტრიბუნებზე მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ", - ამბობს ხუციშვილი, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე 5-დან 4 თამაშში 90-90 წუთი აქვს ნათამაშები და 1 ასისტიც გააკეთა - აეკ ლარნაკასთან სტუმრად (4:3).
პირველი შემთხვევაა, როცა ქართული კლუბი ამ ტურნირის საკვალიფიკაციოს ფინალამდე გავიდა, მთავარ ეტაპზე გასვლა კი კიდევ ერთი დიდი ისტორიული ფურცელი იქნება.
დინამო თბილისისა და დინამო მინსკის შეხვედრა 17:00 საათიდან დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს SILK უნივერსალზე ვიხილავთ. მატჩზე დასასწრები ბილეთები ვებგვერდ abaula-ზე იყიდება - ფასი 5 ლარია.