-
Aa
+
ფონტის ზომა
შახტარი დონბას არენაზე თამაშს 2014 წლის შემდეგ ვეღარ ახერხებს, როდესაც დონეცკი რუსეთის მიერ ანექსიის შედეგად კონტროლს მიღმა აღმოჩნდა.
მას შემდეგ კლუბი უკრაინის ჩემპიონატის საშინაო მატჩებს კიევსა და ლვივში ატარებდა, ევროტურნირების საშინაო შეხვედრებს კი გერმანიაში, სლოვენიასა და პოლონეთში მასპინძლობდა.
უკრაინული წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს და სტემფორდ ბრიჯი შახტარისთვის სასურველი ვარიანტია, რადგან ლონდონურ კლუბს დაახლოებით 40 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აქვს.
წყაროები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი კომერციული მოტივებით არ არის განპირობებული. ჩელსისა და შახტარს შორის მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ლონდონურმა კლუბმა 2023 წელს მიხაილო მუდრიკი შეიძინა. კლუბები ასევე მონაწილეობდნენ საქველმოქმედო მატჩში - Game4Ukraine.
შახტარი ელიტური ევროპული ფეხბურთის დასავლეთ ლონდონში ჩატანის შესაძლებლობას განიხილავდა და სხვა ვარიანტებს შორის ფულემის ქრეივენ კოტეჯი და ბრენტფორდის Gtech Community Stadium-იც იყო.
თუმცა, ორივე სტადიონის ტევადობა სტემფორდ ბრიჯთან შედარებით მცირეა. შახტარის ხელმძღვანელობაში მიაჩნიათ, რომ ევროპის უდიდეს კლუბებთან ან თუნდაც ინგლისურ გუნდებთან ლონდონში გამართული შეხვედრების შემთხვევაში უფრო დიდი არენის სრულად შევსება შესაძლებელი იქნება.
ამ ნაბიჯის ერთ-ერთი მიზანია ლონდონში მცხოვრებ უკრაინელებთან კავშირის გაძლიერებაც.
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ბოლო მონაცემებით, დედაქალაქში უკრაინაში დაბადებული დაახლოებით 32 000 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მთლიანად გაერთიანებულ სამეფოში უკრაინული წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 100 000-ს შეადგენს.
სტემფორდ ბრიჯის გამოყენების შესაძლებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ჩელსიმ გასული სეზონის პრემიერლიგა მე-10 ადგილზე დაასრულა და ევროტურნირებზე ვერ გავიდა.
შესაბამისად, მატჩების განრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სტემფორდ ბრიჯზე დამატებითი შეხვედრების ჩატარებას ჰამერსმითისა და ფულემის საბჭოსა და უეფას თანხმობა დასჭირდება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები