ჩელსი ადასტურებს, რომ ლა ლიგის კლუბ რაიო ვალეკანოდან პეპ ჩავარია დაიმატა.
ესპანელმა ფეხბურთელმა სტემფორდ ბრიჯის კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა და 2026/27 წლების სეზონისთვის მზადების ფარგლებში ახალ თანაგუნდელებთან ერთად კობჰემის საწვრთნელ ბაზაზე მუშაობას დაიწყებს.
„ძალიან მიხარია, რომ მუშაობას ვიწყებ. ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა, რადგან ჩელსი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ეს დიდი შესაძლებლობაა, თუმცა მზად ვარ და ბევრს ვიშრომებ, რათა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.
ბევრი ადამიანი დამეხმარა ამ მომენტამდე მოსვლაში და განსაკუთრებით მადლობა ჩემს ოჯახს უნდა გადავუხადო. ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და დღევანდელი დღე სწორედ მათი დამსახურებით გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა 28 წლის ფეხბურთელმა.
ჩელსიმ 28 წლის მარცხენა მცველი პეპ ჩავარია რაიო ვალეკანოდან 19 მილიონ ევროდ შეიძინა. შეთანხმება ასევე 2 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებს ითვალისწინებს.
ლონდონური კლუბის მარცხენა მცველი ბოლო სეზონების განმავლობაში მარკ კუკურელია იყო, რომელმაც ჩელსი მიმდინარე ზაფხულს დატოვა და კარიერას მადრიდის რეალში აგრძელებს.
