სადებიუტო გამარჯვება დაბადების დღეზე - ხინჩეგაშვილმა RAF 08-ზე ამერიკელს აჯობა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის ეგიდით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პირველი გამარჯვება იზეიმა.
RAF 08-ზე, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელსაც ბრძოლის დღეს 35-ე დაბადების დღე ჰქონდა, ამერიკელი ჯონი დი ჯულიუსი 8:5 დაამარცხა.
"ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სახალისო შეხვედრაში ჯონი დი ჯულიუსი დაამარცხა. ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა საკმარისი ძალისხმევა გამოიჩინა იმისთვის, რომ 35-ე დაბადების დღეზე გამარჯვება მოეპოვებინა", - წერს Saturday Night Lights.
ხინჩეგაშვილს, RAF-ის ეგიდით, აქამდე 1 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, როცა კიდევ ერთ ამერიკელ ბო ბასეტთან 3:13 წააგო.
შეგახსენებთ, ლადო ხინჩეგაშვილს, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში ასპარეზობდა, ოლიმპიურ თამაშებზე 2 მედალი აქვს მოპოვებული (2012-ში - ვერცხლი და 2016-ში - ოქრო), ასევე, მსოფლიო ჩემპიონი და 3-გზის ევროპის ჩემპიონია.