-
Aa
+
ფონტის ზომა
ოთხშაბათს, 20 მაისს, სტამბოლში ევროპა ლიგის ფინალი გაიმართა - უნაი ემერის ასტონ ვილამ 3:0 გაანადგურა ფრაიბურგი. ესპანელი სპეციალისტისთვის ეს ევროპა ლიგის რიგით მეხუთე ტიტული იყო. დღევანდელ ბლოგში მისტერ ევროპა ლიგის შთამბეჭდავ კარიერას გავიხსენებთ.
2004/05 წლების სეზონის სტარტზე უნაი ემერი ლორკა დეპორტივასთან ერთად კარიერის მე-15 სეზონს იწყებდა, როცა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. კლუბის პრეზიდენტმა მთავარი მწვრთნელის ვაკანტური ადგილი მას შესთავაზა - არსებობის ისტორიაში პირველად, მურსიული კლუბი მეორე ლიგაში აღზევდა, ემერიმ ეს პირველივე სეზონში მოახერხა. ასე დაიწყო უნაი ემერის სამწვრთნელო ისტორია - შემდეგ იყო ალმერია, სეგუნდას საუკეთესო მწვრთნელის ზედიზედ ორი ტიტული, ოთხი წელი ვალენსიაში და ხუთი თვე მოსკოვში.
უნაი ემერი ლორკა დეპორტივაში მუშაობის დროს.
სეVILLA - ანდალუსიური ჰეთ-ჰრიქი
2013 წლის 14 იანვარს ემერიმ მე-13 ადგილზე მყოფი სევილია ჩაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ ანდალუსიურმა კლუბმა გათამაშება მე-9 ადგილზე გაასრულა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მაინც მოიპოვა - მე-6 ადგილზე გასული მალაგა ევროტურნირებიდან ფინანსური დარღვევების გამო მოკვეთეს, იგივე მიზეზებით ვერ მოიპოვა თამაშის უფლება მე-8 ადგილზე გასულმა რაიო ვალეკანომ.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაწყებული გზა ჯგუფის მოგებით გაგრძელდა, შემდეგ იყო მარიბორი, ბეტისი, პორტო და ვალენსია - ნახევარფინალის პირველი მატჩი ანდალუსიელებმა შინ 2:0 იმარჯვეს. მესტალიაზე გამართულ საპასუხო დაპირისპირებაში მასპინძლები მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე 3:0 იგებდნენ - უნაი ემერის შეგირდები ფინალში კამერუნელი ჩამშლელი ნახევამცველის, სტეფანე მბიას 94-ე წუთზე გატანილი გოლით გავიდნენ.
სტეფანე მბია და სევილიელები აღნიშნავენ ვალენსიას კარში გატანილ გოლს.
ტურინში გამართულ ფინალში ანდალუსიელები ლისაბონის ბენფიკას დაუპირისპირდნენ. უნაი ემერის ორგანიზებული ფეხბურთი, ბეტოს მასტერკლასი პენალტების სერიაში და ბელა გუტმანის წყევლა - სევილიამ არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგო ევროპა ლიგა.
მატჩის გმირი ბეტო და უნაი ემერი პენალტების სერიის შემდეგ.
2014/15 წლების სეზონში მოქმედი ჩემპიონები ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდნენ - ფინალისკენ მიმავალ გზაზე ანდალუსიელებმა ზალსბურგი, ვილიარეალი, ზენიტი და ფიორენტინა დაამარცხეს.
უნაი ემერის შეგირდები ფინალში ჯაბა კანკავას დნიპროს დაუპირისპირდნენ. ვარშავას ეროვნულ სტადიონზე დნიპროპეტროვსკელები ნიკოლა კალინიჩმა დააწინაურა. სევილიამ უკრაინელებს კრიხოვიაკისა და კარლოს ბაკას გოლებით უპასუხა. ტაიმის ბოლოს დნიპრომ კიდევ ერთხელ გაიტანა - სანახაობრივი პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში რუსლან როტანმა დააფიქსირა.
ფინალური მატჩის მეორე ნახევარში ერთადერთი გოლი გავიდა - კოლუმბიელმა კარლოს ბაკამ ანდალუსიელებს ზედიზედ მეორე ტიტული მოუტანა.
სევილიას საჩემპიონო აღლუმი ევროპა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ.
ჰეთ-თრიქზე წასული უნაი ემერის შეჩერების შანსი იურგენ კლოპს მიეცა - 2015/16 წლების სეზონის ევროპა ლიგის ფინალში ანდალუსიელები მერსისაიდელებს დაუპირისპირდნენ. ბაზელში გამართულ შეხვდრის პირველი ნახევარი ლივერპულმა დანიელ სტარიჯის გოლით მოიგო - ინგლისელის უბადლო დარტყმულს დავიდ სორიამ ვერაფერი მოუხერხა.
გულშემატკივარმა მეორე ტაიმში საერთოდ სხვა სევილია იხილა - უნაი ემერის შეგირდებმა ლივერპულს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. კევინ გამეიროს გამათანაბრებელს, კოკეს დუბლი მოჰყვა - ანდალუსიელებმა ევროპა ლიგის ტიტული მეხუთედ, ხოლო უნაი ემერიმ და კომპანიამ ზედიზედ მესამედ აღმართეს.
მატჩის გმირი კოკე და უნაი ემერი ლივერპულის დამარცხების შემდეგ.
სეზონის ბოლოს ესპანელმა სპეციალისტმა სევილია დატოვა და უფრო მაღალი მიზნებისთვის პარი სენ-ჟერმენს მიაშურა - უნაის პარიზული კარიერა წარუმატებელი აღმოჩნდა. 2018 წელს ემერიმ არსენალი ჩაიბარა - ესპანელმა კიდევ ერთხელ შეძლო ევროპა ლიგის ფინალში გასვლა. უნაისთვის მეოთხე ფინალი წარუმატებელი აღმოჩნდა - არსენალი ჩელსისთან 1:4 განადგურდა. ემერი ლონდონური კლუბიდან წელიწად-ნახევრიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს.
ყვითელი წყალქვეშა ნავის ევროპული ვოიაჟი ანუ VILLAრეალის პირველი დიდი ტიტული
შვიდ თვიანი დასვენების შემდეგ, 2020 წლის ზაფხულში ემერი სამშობლოში დაბრუნდა. ესპანელმა ევროპა ლიგაზე გასულ ვილიარეალში ხავიერ კალეხა შეცვალა. უნაი ემერისა და ევროპა ლიგის გადაკვეთა სხვანაირად ვერ გაგრძელდებოდა - ყვითელი წყალქვეშა ნავი ფინალში გავიდა, თან ისე რომ ნახევარფინალიდან ემერიმ ყოფილი შეგირდები, არსენალი გამოთიშა.
გნდანსკში გამართულ ფინალში ვილიარეალს ოლე გუნარ სულშერის მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდა - მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. გამარჯვებული ვერც დამატებით ოცდაათმა წუთმა გამოავლინა - საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. 21 ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ, მანჩესტერის კიპერის დავიდ დე ხეას ჯერი დადგა - ესპანელის პენალტი არგენტინელმა ხერონიმო რულიმ მოიგერია - ვილიარეალმა ისტორიაში პირველი დიდი ტიტული მოიგო. ( თუ არ ჩავთვლით ინტერტოტოს თასს, რომელიც ოფიციალური სტატუსის მიუხედავად, მნიშვნელოვან ტიტულად არ მიიჩნევა)
უნაი ემერი და ვილიარეალის ფეხბურთელები ევროპა ლიგის მოგებას აღნიშნავენ.
ჩემპიონთა ლიგაზე ევროპა ლიგის ჩემპიონის სტატუსით გასულ ემერის გუნდს კიდევ ერთ სასწაულამდე სულ ცოტა დააკლდა - იუვენტუსისა და ბაიერნის გაგდების შემდეგ ვილიარეალი ნახევარფინალში, ლივერპულთან დამარცხდა.
ევროპა ლიგის თასი ბირმინგემში - ასტონ VILLA
2022 წლის პირველ ნოემბერს უნაი ემერი ასტონ ვილას მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარადგინეს. მეორე სეზონში ვილანებმა კონფერენს ლიგაზე ითამაშეს, კიდევ ერთი სეზონის შემდეგ კი ბირმინგემში ჩემპიონთა ლიგის საღამოები დაბრუნდა - მერვედფინალში ბრიუგეს განადგურების შემდეგ, ვილანები მომავალ ტრიუმფატორთან პსჟ-სთან დრამატულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა.
ბირმინგემში მოღვაწეობის მეოთხე სეზონში ემერის ოცნება ახდა - ასტონ ვილა ევროპა ლიგაზე გავიდა. ლიგის ფაზის მეორე ადგილზე დასრულების შემდეგ, ბირმინგემელებმა ფლეი-ოფში ჯერ ლილი დაამარცხეს, ხოლო შემდეგ ბოლონია გაანადგურეს. რთული გამოდგა ემერის შეგირდებისთვის პირველი ნახევარფინალური მატჩი - ვილა ნოტინგემთან მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. საპასუხო მატჩში სრულიად განსხვავებული გუნდი ვიხილეთ - ბირმინგემელებმა ფორესტს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ასტონ ვილას არც ფინალის მოგება გასჭირვებია. ბეშიქთაშ პარკზე გამართულ ფინალურ დაპირისპირებაში უნაი ემერის გუნდმა ფრაიბურგი შთამბეჭდავად, 3:0 დაამარცხა. პირველი გოლი ვარჯიშებზე დამუშავებულ ბრწყინვალე კომბინაციას მოჰყვა - იური ტილემანსის გოლს ემილიანო ბუენდიამ მალე მეორე გოლიც მიაყოლა. მატჩის საბოლოო ანგარიში მორგან როჯერსმა დააფიქსირა.
უნაი ემერი და ემიალიანო მარტინესი აღნიშნავენ ევროპა ლიგის მოგებას.
უნაი ემერიმ სულ რვაჯერ იასპარეზა ევროპა ლიგაზე, საიდანაც ექვსჯერ ფინალში გავიდა, ხოლო ხუთჯერ ტურნირის ტრიუმფატორი გახდა. საინტერესოა, რომ ესპანელმა ტიტულები მხოლოდ იმ გუნდებით მოიგო, რომელთა სახელებშიც VILLA ფიგურირებდა.
უნაი ისეთი ადამიანია, ვინც თავისი... „სამუშაოთი“ ცხოვრობს. თუმცა არც მინდა ამას სამუშაო ვუწოდო, რადგან მგონია, თვითონაც არ აღიქვამს ასე. ეს მისი სამყაროა. ფეხბურთით წელიწადის 365 დღე, დღე-ღამის 24 საათი ცხოვრობს.
ივან რაკიტიჩი

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები