მოჰამედ სალაჰის კარიერა ლივერპულში, შესაძლოა, დასრულდა. ეგვიპტელმა ენფილდზე, კრისტალ პალასის წინააღმდეგ გამართული მატჩი კუნთის ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა.
სალაჰი, რომელიც კლუბს ამ ზაფხულს თითქმის ათი წლის შემდეგ დატოვებს, ლივერპულის ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირია. მან კლუბში ორი პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
შესაძლოა, 33 წლის ფეხბურთელისთვის ეს ბოლო მატჩი აღმოჩნდეს. შაბათს გამართული შეხვედრის მეორე ტაიმში, როდესაც ლივერპული 2:1-ს იგებდა, მან მარცხენა ბარძაყზე მოიკიდა ხელი და მოედანი დატოვა. სალაჰი ჯერ მინდორზე ჩამოჯდა, შემდეგ კი ფეხით გასვლისას მთელ სტადიონს ტაშით დაემშვიდობა. ის აშკარად ემოციური იყო და სათადარიგოთა სკამთან ფეხბურთელებმა და პერსონალმა ანუგეშეს.
ლივერპულს სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ოთხი მატჩი დარჩა. ეს ნიშნავს, რომ სალაჰს გამოსაჯანმრთელებლად მხოლოდ ოთხი კვირა აქვს.
მიმდინარე სეზონი სალაჰისთვის და ლივერპულისთვის უფრო რთული გამოდგა. დეკემბერში ფეხბურთელმა ხმაურიანი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც კლუბი უსამართლო მოპყრობაში დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.