13 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
adjarabetarena.com გთავაზობთ მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ლეგენდის, სერხიო რამოსის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ამონარიდებს.
მესამე ნაწილი: დრამატული ჩემპიონობა და ხელიდან გავარდნილი თასი - სერხიო რამოსის ავტობიოგრაფია [ნაწილი 3]
სამი ბრძენი მამაკაცი
ყველა მწვრთნელისგან, რომელთანაც მიმუშავია, ვცდილობდი რაიმე ახალი მესწავლა. მაგრამ არსებობს სამი ადამიანი, რომელთა ღვაწლიც ჩემს კარიერაზე შეუფასებელია: ხოაკინ კაპაროსი, რომელმაც აღმომაჩინა, ლუის არაგონესი, რომლის დროსაც შედგა ჩემი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში და ვისენტე დელ ბოსკე, რომელიც სულ მენდობოდა და თავისი გუნდის უმნიშვნელოვანეს ნაწილად მთვლიდა.
არ შეიძლება პაბლო ბლანკოს, სევილიას სპორტული დირექტორის დავიწყებაც, რომელმაც რვაწლის ასაკში აღმომაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მწვრთნელი ის არასდროს არ ყოფილა. საინტერესოა, რომ პაბლო კლუბში ამ თანამდებობას დღემდე იკავებს. ის იყო პირველი, ვინც თქვა, რომ რეალში თამაში შემეძლო. მაშინ სულ რაღაც 16 წლის ვიყავი.
თავიდან, ყველაფერი ხოაკინ კაპაროსით დაიწყო, ის ჩემს კარიერაში სასიცოცხლო მნიშვნელობის ადამიანია. მას მუდამ სჯეროდა აკადემიის, რომელშიც ასპარეზობდნენ ხესუს ნავასი, დიეგო კაპელი, ანტონიო პუერტა , ხოსე ანტონიო რეიესი და მე. თავისუფალ დროს, ის ჩვენი ვარჯიშების სანახავად მოდიოდა.
მამაჩემი ხშირად ხვდებოდა და ჩემზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჩემთვის მას არასდროს არაფერი უთქვამს, რადგან იცოდა, რომ ძალიან ვინერვიულებდი. მისი გამბედაობით მოხიბლული ვარ. მაშინ სევილიამ ჟულიო ბაპტისტა და დანი ალვეში დაიმატა, ნავასი უკვე იქ იყო.
კაპაროსმა მე და პუერტა გამოგვიძახა და ჩემს გამო სკამზე დანი ალვეში დატოვა. მას ყოველთვის ჰქონდა ჩემი ნდობა იმ ორი წლის მანძილზე, რაც პირველ გუნდში გავატარე. გუნდში ორი მარჯვენა მცველის ყოფნის გამო, მან ასეთი რამ მოიფიქრა: დანი ალვეში მარჯვენა შემტევად დააყენა, ხესუს ნავასი კი მარცხენა. ასეთი ნაბიჯის გადადგმა ყველას არ შეუძლია. კაპაროსი ამ სპორტისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ის ფეხბურთზე გიჟდება.
მასზე რამდენიმე სახალისო ისტორია მახსენდება, რამდენიმე ძალიან გამორჩეულიც. ჩემი აზრით, საუკეთესო ესაა: როცა უკვე ძირითად გუნდთან ერთად დავიწყე ვარჯიში, სევილიას მახლობლად ამხანაგური მატჩი ჩაინიშნა. იმ ადგილს "ლუის სოკოები" ერქვა. იმ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც იშვიათად ხვდებოდნენ ძირითად შემადგენლობაში. ჩვენს ბაზაზე უნდა შევხვედროდით და ერთად, ავტობუსით წავსულიყავით თამაშზე. მაგრამ, მამას მანქანას პრობლემა შეექმნა და შეკრების ადგილზე მისვლა დავაგვიანეთ. ავტობუსი უკვე წასული იყო და მამა მას ფეხით გაეკიდა. ამ დროს, კაპაროსს მძღოლისთვის უთქვამს, არ გაჩერდე, სვლა გააგრძელეო. გაბრაზებულმა მამამ ჯერ კითხვა დასვა და შემდეგ, თავადვე უპასუხა: ახლა ამას ბოლომდე უნდა ვსდიოთ? თამაშზე მანქანით მიგიყვან". როდესაც გზაში ვიყავით, ვცდილობდი ყველაფრის ასახსნელად გუნდის დელეგაციასთან დაკავშირებას. საბოლოოდ, ავტობუსს დაახლოებით 40 კმს მანძილზე მივსდევდით, სანამ ისინი საჭმელად არ გაჩერდნენ.
როგორც იქნა, ჩვენ ჩავედით და უმალვე მწვრთნელთან მივედი. ვცდილობდი ჩემი დაგვიანების მიზეზები ამეხსნა, ვთქვი, რომ გზებზე დიდი საცობები იყო. მამაჩემმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ურეაქციოდ. ბოლოს, კაპაროსი მე მომიტრიალდა და მიპასუხა: "აწი აღარასდროს დაიგვიანებ. თუ არ იცი, როგორ მოხვიდე თავის დროზე, მაშინ ლეიბი გაჩერებაზე გამოიტანე და იქ გაათენე." ის მართალი აღმოჩნდა, მას შემდეგ, აღარასდროს დამიგვიანებია.
კაპაროსის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება, ფეხბურთელებთან მუდმივი კონტაქტის შენარჩუნება იყო. ის მოტივაციას გმატებს, იმ დონეზე გენდობა, რომ როდესაც მოედანზე გადიხარ, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს 16 წლის ხარ და დებიუტი გაქვს. დეპორტივოს სტადიონზე, რიასორზე ჩემი დებიუტის წინ, მან მითხრა: "ბიჭო, ითამაშე ისე, როგორც შეგიძლია და როგორც ყოველთვის თამაშობდი".
მეორე ანეკდოტიც ასევე კაპაროსს ეძღვნება. პირველ გუნდში სადებიუტო ვარჯიში მქონდა. რომელიღაც დავალებას ვასრულებდით და შემთხვევით ბურთი ალეხანდრო მარანიონს გავარტყი. თამაშის სხვა მონაწილეები პაბლო ალაფრო და ხავი ნავარო იყვნენ. მარანიონი ბავშვს მეძახდა. ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, რომ შემთხვევითობა იყო. კაპაროსმა ეს შეამჩნია და როცა ახალი დავალების მოსაცემად მოგვიახლოვდა, ყურში ჩამჩურჩულა: „შემდეგში უფრო ძლიერად მოარტყი, რომ აღარ იწუწუნოს.“
კაპაროსი კანტერანოებს ძალიან ეხმარებოდა. შრომისმოყვარეობა და საკუთარი თავის რწმენა მისი საყვარელი სიტყვები იყო. მოხიბლული ვიყავი იმით, როგორ ამზადებდა ის გუნდს ბეტისთან დერბის წინ. მან გასახდელის კედლები მეტოქე გუნდის ფეხბურთელების სიტყვებით და სამოტივაციო ფრაზებით ააჭრელა.
ლუის არაგონესთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. მისით მუდამ აღტაცებული ვიქნები. ის თავის სიტყვას არასდროს არ გადათქვამდა, ზუსტად ისე, როგორც მე. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ პატარა და გამოუცდელი ვიყავი, არაფრის დათმობა არ მინდოდა. მახსოვს, როცა მან ბელგრადში შემიშვა სათამაშოდ, ეს ჩემი მეორე მატჩი იყო ნაკრებში. მოედანი ძალიან სველი იყო და ალუმინის შიპებიანი ბუცები ჩავიცვი. ჩემი შიპები ყველაზე გრძელი იყო. შესვენებაზე მან მკითხა: "პატარა, ეს რა ბუცები ჩაგიცვამს? ძალიან პატარებია" . ხმა აღარ ამომიღია. მივხვდი, რომ მან უბრალოდ მანიშნა, რამდენად ყურადღებით მაკვირდება. ჩემი ცუდი თამაშის მიზეზი ბუცები ნამდვილად არ ყოფილა.
2008 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს, ძალიან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. სანტანდერში გამართულ ამხანაგურ მატჩში, მან შეტევებში უფრო ხშირად ჩართვა მთხოვა. პირველ თამაშში უფრო დაცვაზე ვფიქრობდი, შეტევაში ხშირად არ მივდიოდი და მან მკითხა, რატომ არ ვუტევდი. არ ვიცოდი, რა უნდოდა. ის ჩემგან ძალიან ბევრს ითხოვდა. ვერაფერს ვიგებდი. იმ მომენტამდე ის ყველაფერს პირდაპირ მეუბნებოდა, მაგრამ ერთხელ, ავსტრიაში ვარჯიშზე მარტო დავრჩით და ის პირად პრობლემებს მიყვებოდა, რომლის შესახებ შემდეგ პრესასთანაც ისაუბრა. ეს ძალიან არ მესიამოვნა. მეორე დღეს, ვარჯიშის წინ, თანაგუნდელების თანდასწრებით, მას ყველაფერი პირში ვუთხარი. ვთქვი, რომ არ მსურს ცუდი მაგალითი ვიყო. ის საფეხბურთო კოდექსის შესახებ ხშირად საუბრობდა, აღნიშნავდა, რომ ყველაფრის პირში თქმა აუცილებელია. ახლა ყველამ იცის, რა მოხდა მაშინ.
მალევე მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი, მაგრამ ფაქტობრივად, ეს ჩემი თამაშის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა. ლუისსაც ზუსტად ეს უნდოდა და მას შემდეგ, პრობლემები აღარ გვქონია. მისით კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვარ აღტაცებული, რომ მან მიჩელ სალგადოს შემდეგ, ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში მანდო ადგილი. ფიქრობდა, რომ გუნდისთვის ასე იქნებოდა უკეთესი და ასეც მოხდა.
კაპაროსი უფრო ლუისს ჰგავდა, ვიდრე ვისენტეს. დელ ბოსკე განსხვავებული იყო. ის ყველაფერს სხვა მეთოდებით აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ერთი და იგივე მიზანი აქვთ. ის ყველაფერში კარგი იყო. ვისენტე ცუდზე არასდროს საუბრობს, მას ყოველთვის მოეპოვება შენთვის სათქმელი დადებითი სიტყვები. უკეთესი ადამიანი ის ფიზიკურად ვერ იქნებოდა. ცუდის თქმას, ის სიჩუმეს ამჯობინებს.
სწორედ მისი ინიციატივით გადავედი მარჯვენა ფლანგიდან დაცვის ცენტრში. დარწმუნებული ვარ, რომ ის თავიდანვე ხედავდა ამის შესაძლებლობას, მაგრამ ჯერ კარგი მარჯვენა მცველი ჰყავდა საპოვნელი. როდესაც ცენტრში ორი კარგი მცველი იდგა, ზედმეტი თავისტკივილის ასარიდებლად, ის მარჯვნივ მაყენებდა. თუმცა, პუიოლის ტრავმამ ყველაფერი თავისით დაალაგა. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა რეალშიც ცენტრში გადამწიეს.
ვისენტე დიდებული ადამიანია, ძალიან ზრდილობიანი. ის მუდამ ინტერესდება ჩემი მდგომარეობით, ჩემი ოჯახით. ის ყოველთვის ძალიან თბილად მოგეპყრობა. მან ჩემს შესახებ ძალიან ბევრი რამ იცის.
პანენკა. განდევნილიდან გმირამდე
ის, რომ მცველი ვარ, სულაც არ ნიშნავს, რომ ჯარიმების ან პენალტების შესრულება არ მეხერხება. ფერნანდო იეროსთვის მსგავსი სათამაშო ელემენტები სავიზიტო ბარათი იყო. სწორედ ამიტომ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა შეხედო ამ ყველაფერს ნეგატიურად. თავიდანვე მომწონდა გოლების გატანას. ხშირად იყო დღეები, როდესაც მშობლებს ვეუბნებოდი, დღეს გოლს თუ გავიტან, თქვენ მოგიძღვნით-მეთქი. ჯარიმებისა და პენალტების შესრულება ჯერ კიდევ სევილიაში დავიწყე. ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში პენალტი ზუსტად შევასრულე.
თუმცა, პირველ რიგში მე დაცვაზე უნდა ვიფიქრო და მხოლოდ ამის შემდეგ შეტევაზე. ჩემი პენალტი ბაიერნის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, წარუმატებელი იყო. ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ ხალხი, რომლებმაც ჩემზე არაფერი იციან, ლაპარაკობდნენ იმას, რაც აზრად მოუვიდოდათ. სწორედ ამიტომ გავხდი ნერვული, ზეწოლა ძალიან დიდი იყო. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო დიდია ჩემზე ზეწოლა, მით უფრო მემატება მოტივაცია. ზეწოლა განვითარებაში მეხმარება. პირველებმა პენალტები კრიშტიანუმ და კაკამ შეასრულეს - წარუმატებლად. ის ფაქტი, რომ მათ 11-მეტრიანის გამოყენება ვერ შეძლეს, ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა. ჩემი წარუმატებლობა უნდა განიხილოს გუნდის წარუმატებლობად, მაგრამ ეს სერხიო რამოსის პირადი შეცდომა იყო. სხვა ხალხიც ცდება, მაგრამ მათზე ამდენს არ ლაპარაკობენ.
ვხვდები, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის საუკეთესო შანსი იყო, სადაც რეალს უამრავი წელია არ უთამაშია. პენალტის ნიშნულთან მინდორის საფარი იდეალურ კონდიციებში არ იყო და ამიტომ, ბურთი წერტილიდან ცოტა უკან დავდე. მაგრამ მსაჯმა მითხრა, რომ ბურთი ზუსტად ნიშნულზე უნდა იდოს და მისი უკან დაბრუნება მომიწია. დარტყმა ვერ გავთვალე და ის ძალიან ცუდი გამოდგა. ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს. ვიცოდი, რაც მოხდებოდა. ბურთს იმაზე 3 სანტიმეტრით ქვემოთ ამოვარტყი, ვიდრე ვგეგმავდი. სწორედ ამ სამმა სანტიმეტრმა გააფუჭა ჩემი დარტყმა.
იმ ღამეს სევილიელ მეგობრებთან ერთად ვაპირებდი სასეირნოდ წასვლას, მაგრამ სახლში წასვლა გადავწყვიტე. არაფერი აღარ მინდოდა. ერთადერთი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ მშობლებს ვუთხარი, შემდეგ ჯერზე პენალტს პანენკას სტილში გავიტან-მეთქი.
დღე დღეს მიყვებოდა. იმის გააზრება, რომ ხალხის აზრის, მე სათანადოდ ვერ მოვემზადე, ძალიან მეხმარებოდა. პენალტის შესრულებაზე ყოველ ვარჯიშზე ვმუშაობდი. ვიცოდი, რომ დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდნილიყავი. ეს იყო დარტყმა ჩემს რეპუტაციაზე, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის აქვს ადგილი რევანშს. ჩემი ოჯახი და მეგობარი გოგონა ლარა ალვარესი ამ ყველაფრის დაძლევაში მეხმარებოდნენ.
2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, პენალტების შესრულებაზე სულ ვვარჯიშობდით. იმიტომ, რომ პლეი-ოფის თამაშებში არასდროს არ იცი, როდის შეიძლება დაგჭირდეს. თუმცა, მაინც და მაინც პორტუგალიასთან მატჩის წინ, 11-მეტრიანებზე არ გვივარჯიშია, მხოლოდ დარტყმები შევასრულეთ. როდესაც ჩემი რიგი მოვიდა, მე პიკესა და ალონსოსთან ვიდექი. მსგავსი რამ უკვე გამიკეთებია ვარჯიშზე, იკერსა და რეინას წინააღმდეგ. ვიცოდი, რომ შევძლებდი.
პენალტების სერიის დაწყების წინ, დავინახე, რომ ყველა მწვრთნელტან მიდიოდა. მეც სწორედ მისი მიმართულებით გავემართე და ვუთხარი, რომ შესასრულებლად მზად ვარ. მან მკითხა, დარწმუნებული ვარ თუ არა და ვუპასუხე, რომ სავსებით. იმ მომენტში ალბიოლთან მივედი და ვუთხარი: "ჩორი, პანენკას შესრულებას ვაპირებ. ჩემი დრო დადგა. პიკაჩუ მოდის." ამ დარტყმას პიკაჩუს ვეძახით. ამის შესახებ სხვა არავინ იცოდა.
ვიცოდი, როგორ უნდა დამერტყა. ჯერ მეკარეს შევხედე, შემდეგ ჩემი საყვარელი ადამიანები გავიხსენე. გავიხსენე ბებია და ბაბუა, ასევე გავიხსენე ბაიერნის წინააღმდეგ შესრულებული პენალტიც. სწორედ ამის შემდეგ, ჩემს თავს ვუთხარი: "ისტორიის შეცვლის დროა, სერხიო". ამაში დარწმუნებული ვიყავი. ვგრძნობდი იმას, რასაც გრძნობს ტორეადორი არენაზე გასვლის წინ, რომელმაც არ იცის, რა ელის: წარმატება თუ ჩავარდნა.
ბურთი წერტილზე დავდე და 5 ნაბიჯი უკან გადავდგი. გამორბენა ისე დავიწყე, თითქოს ძლიერად ვაპირებდი დარტყმას, მაგრამ ბურთს ფეხი ოდნავ ამოვარტყი. "პიკაჩუ". ყველაფერი შევიგრძენი, როდესაც ბურთი ბადეში დავინახე, მეკარე კი ბალახზე.
იმ მომენტში გავთავისუფლდი და ვფიქრობდი იმაზე, რა მომცა ფეხბურთმა. ყველაფრის გასაცნობიერებლად დროც კი არ მქონდა, მე მხოლოდ ჩემი თანაგუნდელები დავინახე ჩემს გარშემო. პირველმა ხესუს ნავასმა მომილოცა. შემდეგ რეინამ მითხრა: "ყოჩაღ, მამაკაცო". მისტერმა არაფერი მითხრა. გავიმეორებ, ნახევარფინალამდე, პენალტების შესრულებაზე სულ ვვარჯიშობდით და სხვა არანაირი დარტყმის შესრულება არ მინდოდა პანენკას გარდა. დელ ბოსკეს ვუთხარი, რომ თუ მომენტი დადგება, მხოლოდ ასე დავარტყამ. მან კი მითხრა, რომ როცა მომენტი მოვა, ვერ გავრისკავდი, მე მხოლოდ ერთი რამ ვუპასუხე: „ვნახოთ.“ ის იმდენად ზრდილობიანია, რომ აღარ უნდოდა გაგრძელება და არ მითხრა ის, რაც ბევრ სხვას შეიძლებოდა ეთქვა.
გაგრძელება იქნება...
განაგრძე კითხვა
ექსკლუზიური სტატიების წასაკითხად, გაიარე ავტორიზაცია
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები