მასპინძელმა მექსიკამ ეკვადორი დაამარცხა, ხოლო ჰარი კეინმა ინგლისს კონგოსთან მოაგებინა - მერვედფინალური მატჩი 6 ივლისს, 04:00-ზე ლეგენდარულ ესტადიო ასტეკაზე გაიმართება, სადაც მექსიკა 60 წელიწადში მხოლოდ ორჯერ დამარცხდა.
1966 წლის 29 მაისი მექსიკელთათვის მნიშვნელოვანი თარიღია - ამ დღეს მეხიკოში ლეგენდარული ესტადიო ასტეკა გაიხსნა. სტადიონი, რომელიც არაერთ საკულტო მატჩსა თუ დაუვიწყარ მოგონებას აერთიანებს - მსოფლიო ჩემპიონატების ლეგენდარული დაპირისპირებები თუ მექსიკის ნაკრების დიდი გამარჯვებები. 1970 და 1986 წლის მუნდიალის ფინალები და სხვა მრავალი.
ესტადიო აცტეკა. 1986.
ასტეკას დაარსების დღიდან მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა ამ ლეგენდარულ არენაზე 89 ოფიციალური მატჩი გამართა და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. ელ ტრიმ დღევანდელ მეხიკო სითი სტედიუმზე 70-ჯერ იმარჯვა, ხოლო 17-ჯერ ფრეს დასჯერდა.
მექსიკა პირველად აცტეკაზე ოფიციალურ მატჩში 2001 წლის 16 ივნისს კოსტა-რიკასთან დამარცხდა - მატჩი ისტორიაში “ასტეკასოს” სახელით შევიდა, რაც აცტეკას შოკს ნიშნავს. 2002 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში კოსტა-რიკამ მექსიკა სენსაციურად ფონსეკასა და მადფორდის გოლებით 2:1 დაამარცხა.

"აცტეკასო" - მექსიკა 1:2 კოსტა-რიკა. 2001.
მეორე აცტეკასო კი 12 წლის შემდეგ დაფიქსირდა - 2014 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ჰონდურასმა მექსიკა 100 000 მაყურებლის თვალწინ 2:1 დაამარცხდა. პერალტას გოლით დაწინაურებულ ელ ტრის სამწუთიან მონაკვეთში ჯერ ბენსტონმა გაუტანა, შემდეგ კი კოსტლიმ.
მექსიკა 1:2 ჰონდურასი. 2013.
მიმდინარე მსოფლიო თასზე ელ ტრიმ აცტეკაზე სამი მატჩი გამართა - გახსნით მატჩში მექსიკელებმა სამხრეთ აფრიკას 2:0 სძლიეს, მესამე ტურში ჩეხები 3:0 გაანადგურეს, ხოლო 1/16 ფინალში ეკვადორს სძლიეს - 2:0.
მექსიკელები აღნიშნავენ ეკვადორთან გამარჯვებას. აცტეკა 2026.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ 60-წლიანი შთამბეჭდავი სერიის მანძილზე მექსიკას ხშირად არ ჰქონდა გრანდებთან თამაშის “ფუფუნება” - ინგლისი კი სწორედ ის გუნდია, რომელსაც ელ ტრისთვის პრობლემების შექმნა აცტეკაზეც შეუძლია. ტუხელის შეგირდებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან რთული მატჩი გამოუვიდათ - სამ ლომს მხსნელად გუნდის კაპიტანი, ჰარი კეინი მოევლინა.
მიმდინარე მუნდიალზე ინგლისელმა ფორვარდმა ოთხ მატჩში ხუთჯერ გაიტანა - მესამე აცტეკასოს შექმნას ჰარი და კომპანია 6 ივლისს 04:00 შეეცდებიან.
ინგლისი 2:1 კონგო. 2026.
მექსიკელთაგან განსხვავებით, ინგლისელებს აცტეკასთან კარგი მოგონებები არ აკავშირებთ. სამი ლომის ბოლო ვიზიტი მეხიკოში 1986 წლის 22 ივნისს შედგა - არგენტინამ მსოფლიო თასის მერვედფინალში ინგლისი დიეგო მარადონას ლეგენდარული დუბლით დაამარცხა.
"ღმერთის ხელი" - არგენტინა 2:1 ინგლისი. 1986.