ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, ფიფას წესები გააკრიტიკა, რომლებიც მის გუნდს მექსიკასთან მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალური მატჩის წინ არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
პრობლემა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს მაღალმთიანეთს უკავშირდება (ზღვის დონიდან დაახლოებით 2 240 მეტრი). ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის კვლევების მიხედვით, ასეთ პირობებში აკლიმატიზაციისთვის ან 10 დღით ადრე ჩასვლაა საჭირო, ან მატჩის დღეს ჩაფრენა, თუმცა ფიფა-ს რეგულაცია ავალდებულებს გუნდებს, მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩავიდნენ კონკრეტულ ქალაქში და იქ ივარჯიშონ.
ტუხელის თქმით, ეს მექსიკელებს, რომლებიც მაღალმთიანეთში თამაშს მიჩვეულნი არიან, დიდ უპირატესობას ანიჭებს.
გარდა ამისა, ინგლისელთა ბანაკში კითხვის ნიშნებია დეკლან რაისის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ რაისს კვლავ აწუხებს ნერვული ტკივილები ბარძაყის არეში, რაც მან დემოკრატიული კონგოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მატჩის დროსაც იგრძნო.
მიუხედავად იმისა, რომ ტუხელმა რაისი შეხვედრის ბოლოს შეცვალა, ფეხბურთელი აცხადებს, რომ მზად იქნება მერვედფინალური დაპირისპირებისთვის. ინგლისელები ასევე ემზადებიან შესაძლო პროვოკაციებისთვის, როგორიცაა გულშემატკივრების მიერ სასტუმროსთან ხმაურის შექმნა, რისი პრევენციისთვისაც მწვრთნელმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ფეხბურთელებისთვის ყურსასმენების წაღებას გეგმავენ.