ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ კუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საოცარი შედეგი აჩვენა.
ზრდასრულთა და 18-წლამდელთა შორის კონტინენტის პირველობაზე ქართველმა მებრძოლებმა ჯამში 10 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. მათ 6 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს ჯილდო დაისაკუთრეს.
ზრდასრულებს შორის ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა მარიამ ნანავა (-220 კატეგორია), ხოლო ჩემპიონობა ასევე იზეიმა ზურიკო მიქავამ (-240 კატეგორია).
ვერცხლის მედალს საბა მაქაცარია (+270 კატეგორია) დასჯერდა, ბრინჯაოს ჯილდო კი დუტა გაბელიამ (-260 კატეგორია) მოიპოვა.
18-წლამდელთა შორის კონტინენტის ჩემპიონები გოგა სიჭინავა (-250 კატეგორია), მათე მაქაცარია (-240 კატეგორია), საბა მარკელია (-230 კატეგორია) და თედო ქებურია (+270 კატეგორია) გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ -240 კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს მათე მაქაცარია და დემეტრე ბერაია შეხვდნენ. მათემ ოქროს მედალი მოიპოვა, დემეტრემ კი ვერცხლის ჯილდო დაისაკუთრა.
18-წლამდელებს შორის საქართველოს ბრინჯაოს მედალი ნიკა ადუაშვილმა (-230 კატეგორია) მოუტანა.