ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ (1:0), უკრაინის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა და მატჩის ერთადერთი გოლის ავტორმა დანილო სიკანმა ადგილობრივ მედიასთან შეხვედრა შეაფასა.
დანილო სიკანმა, რომელმაც გუშინ უკრაინის ნაკრების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა, ქართველთა ბურთის კონტროლს გაუსვა ხაზი:
ემოციები, რა თქმა უნდა, დადებითია. გავიმარჯვეთ - ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არ ვიცოდი, თუ ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გავიტანე, ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი სიამაყეა. ვფიქრობ, ჩვენი ძლიერი მხარე ბურთის ფლობაა, თუმცა დღეს საქართველომ ნამდვილად გამაკვირვა იმით, თუ როგორ აკონტროლებდნენ თამაშს და ბურთს. სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული თამაში იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში გამოსვლა 2 ქულით, მოგებისა და გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა.
რამაზ სვანაძის გუნდს B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მარტში პლეი-ოფის თამაში მოუწევს, სადაც მისი სავარაუდო მეტოქეები ესტონეთი, კვიპროსი, ბელარუსი ან ფარერის კუნძულები იქნებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ მატჩებში ზუსტად ერთი წელია გოლი არ გაუტანია.