ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ (1:0), უკრაინის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა ილია ზაბარნიმ ადგილობრივ მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ზაბარნიმ აღნიშნა, რომ შეხვედრა საკმაოდ რთული გამოდგა და საქართველოს ნაკრებმა სახიფათო მომენტები შექმნა:
ძალიან რთული თამაში იყო. ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია. საქართველომაც შექმნა მომენტები და კარგად გამოიყურებოდა. იყო მომენტები, როდესაც რიზნიკმა გადაგვარჩინა და შეიძლებოდა გოლის გაშვება. ამიტომ მიხარია, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. სწრაფად გავიტანეთ გოლი და შემდეგ უფრო ფრთხილად უნდა გვეთამაშა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში გამოსვლა 2 ქულით, მოგებისა და გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა.
რამაზ სვანაძის გუნდს B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მარტში პლეი-ოფის თამაში მოუწევს, სადაც მისი სავარაუდო მეტოქეები ესტონეთი, კვიპროსი, ბელარუსი ან ფარერის კუნძულები იქნებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებს ოფიციალურ მატჩებში ზუსტად ერთი წელია გოლი არ გაუტანია.