სპორტში კონკიას ისტორიები ყველას უყვარს, მინიმუმ ისეთები, მომდევნო რამდენიმე წელი მაინც რომ სალაპარაკო თემაა.
მიმდინარე ევრობასკეტის 1/8 ფინალში ფინეთმა სერბეთი დაამარცხა, საქართველომ - საფრანგეთი. ფინელთა მწვრთნელი, ლასსი ტუოვი, ამბობს: „გვიყვარს ვითარება, როცა „ანდერდოგები“ ვართ, რადგან ასეთ დროს უფრო ფართოდ ოცნება შეგვიძლია“.
ფინელებისა და ქართველების სენსაციების ფონზე, შეგვიძლია გადავხედოთ ევრობასკეტის ისტორიაში სხვა დიდ მოულოდნელობებს, რომლებიც კალათბურთის გულშემატკივარს დღემდე შეიძლება ახსოვდეს.
იტალია 2022
სერბეთის ნაკრებს წლევანდელ ტურნირზე მინიმ „დეჟავიუ“ ჰქონდა, რადგან წინა გათამაშებაზეც 1/8 ფინალში წააგო და იქაც სერიოზული სენსაციის მსხვერპლი გახდა.
ნიკოლა იოკიჩმა 32 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა, მაგრამ გამარჯვებაში იტალიელთა ლიდერ მარკო სპისუს 22 ქულა და 6 მოხსნა გადაითარგმნა - 94:86.

ჩრდილოეთ მაკედონია 2011
14 წლის წინ გამართული ტურნირი ევრობასკეტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დაბალანსებული იყო, რადგან ვერაფრით იწინასწარმეტყველებდი, რომელი ნაკრებები გავიდოდნენ საუკეთესო ოთხეულში.
აბსოლუტურად არავინ საუბრობდა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებზე, თუმცა ბო მაკკალებმა, პერო ანტიჩმა, ვლადო ილიევსკიმ და მათიანებმა ტურნირის 1/4 ფინალში მასპინძელი ლიეტუვა გააჩერეს. ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ კაუნასის დარბაზში მთელი ლიეტუვა შეიკრიბა თამაშის საყურებლად, მაგრამ მატჩის ბოლოს, შეძახილებისა და ოვაციების მაგივრად, სრული სიჩუმე იყო.
მაკედონიელებმა ლიეტუველები 67:65 დაამარცხეს, მაკკალებმა 23 ქულა ჩააგდო. წარმოიდგინეთ, მან თავის წილად 23 ქულა დააგროვა, დანარჩენმა მთელმა გუნდმა - 44. ბო იმ მატჩში ძალიან კარგი იყო.

საფრანგეთი 2005
როცა ტურნირის მასპინძლებზე ვსაუბრობთ, გავიხსენოთ რა გუნდი იყო 2005 წლის სერბეთი და მონტენეგრო, NBA-ის 5 მოთამაშით - დარკო მილიჩიჩი, ვლადიმირ რადმანოვიჩი, მარკო იარიჩი, ჟელკო რებრაჩა, ნენად კრსტიჩი და მათი ბოსი, ჟელკო ობრადოვიჩი.
ამ ხალხს დღესასწაული გაუფუჭეს ბიჭებმა, რომლებმაც თავი მსოფლიოს გააცნეს. 2005-ში, ტონი პარკერი, ბორის დიაუ და სხვები პატარები იყვნენ, მაგრამ უძლიერეს სლავებს 74:71 აჯობეს და 1/4 ფინალში გავიდნენ.
ლატვია 2001
ლატვიის ნაკრებს ევრობასკეტის საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა 1939 წლის შემდეგ არ გამოსდიოდა, მაგრამ 2001 წლის ტურნირზე სენსაცია შემოგვთავაზეს და დაამარცხეს ლიეტუვას უძლიერესი ნაკრები, რომელმაც რამდენიმე წელში ტიტული მოიგო.
თუმცა, 2001-ში, აინარს ბაგატსკისის 25 ქულის წინააღმდეგ ვერაფერი შეძლეს, დიდი სხვაობით - 94:76 დამარცხდნენ და ლატვია საუკეთესო 8 გუნდში 62-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა. ბაგატსკისს იმ ტურნირზე საშუალოდ 17.2 ქულა ჰქონდა.
სხვათა შორის, ლატვია მას შემდეგ 1/4 ფინალში აღარ გასულა 2015-ის ევრობასკეტამდე, როცა ბაგატსკისი უკვე მთავარი მწვრთნელი იყო.
გერმანია 1993
თუ ცალკეულ სენსაციებზე ვსაუბრობთ, გერმანიის შემთხვევაში, შეგვიძლია ერთ დიდ მთლიან სენსაციაზე ვილაპარაკოთ, როცა მათ ტურნირის მოგება შეძლეს. კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოულოდნელობა!
მეტოქეები და დრამატულობა ნახეთ - 1/4 ფინალში ესპანეთს 79:77 მოუგეს, 1/2 ფინალში საბერძნეთს საბერძნეთს - 76:73 და ფინალში რუსეთს - 71:70.
და რატომ იყო ეს დიდი სენსაცია? გერმანიის ნაკრებს იქამდე ევრობასკეტზე მე-5 ადგილზე მაღალი მიღწევა არ ჰქონია, იმ ტურნირზეც 1/4 ფინალში ჯგუფის მე-4 ადგილოსნის სტატუსით და 2-3 მოგება-წაგების ბალანსით გავიდა, ესპანეთს, საბერძნეთსა და რუსეთს კი ჯგუფში სამივეს 4-1 ბალანსი ჰქონდათ.

როგორ მოვახდინეთ ევრობასკეტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია - მოკლე შეჯამება